წმ.თეოდორე აჭარელის სახელობის ეკლესია
ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N35
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის გადაკვეთაზე, ეზოს სიღრმეში მდგარი მოზრდილი ზომის დარბაზული ეკლესია, თავდაპირველად, სომხურ-კათოლიკური მრევლისათვის იყო განკუთვნილი და 1874-1876 წლებში აიგო. ამჟამად, დაზიანებულია. იგი გეგმაში აღმოსავლეთიდან დასავლეთი წაგრძელებულ მართკუთხედს წარმოადგენს და ორქანობა სახურავითაა გადახურული. აღმოსავლეთით იგი ძლიერ შვერილი, გეგმაში ნახევარწრიულ აფსიდით სრულდება. იგივე მოხაზულობის, ოღონდ გაცილებით პატარა შვერილი აფსიდებია სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედელთა აღმოსავლეთის განაპირა ნაწილებში. საკურთხევლის აფსიდში, ქვედა ნაწილში ერთი დიდი თაღოვანი, ზედა ნაწილში კი, ოდესღაც თაღოვანი და ამჟამად, დაზიანებული ოთხი სარკმელია. პატარა აფსიდებში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. ძირითად კორპუსს დასავლეთით მიდგმული აქვს გეგმაში სწორკუთხა, ორქანობა სახურავით გადახურული მინაშენი. უკანასკნელის დასავლეთ კედელში თაღოვანი შეღრმავებაა, რომელშიც გაჭრილია სწორკუთხა კარის ღიობი - ტაძრის მთავარი შესასვლელი, იგი სამი საფეხურით არის ამაღლებული. დარბაზის სამხრეთის და ჩრდილოეთის გლუვი კედლები დანაწევრებულია დიდი ზომის სწორკუთხა ფანჯრებით (ნალესობის დაზიანების გამო კარგად იკითხება მათი თავდაპირველი, თაღოვანი კონტური – სწორკუთხა მოხაზულობა გვიანი გადაკეთების შედეგია). აღმოსავლეთის, სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმელები მოურთავია, მათ ერთადერთ სამკაულს და მე ვიტყოდი გამაერთიანებელს წარმოადგენს. მათ ქვედა ნაწილებში გავლებული პროფილირებული, ჰორიზონტალური სარტყელი, რომელიც სამივე ფასადზე უწყვეტად არის გავლებული. ძირითადი კორპუსი და პატარა აფსიდები პროფილირებული, ქვედა ნაწილებში თაღოვანი და კბილანებიანი (აფსიდები) კარნიზებით არის დასრულებული. დასავლეთი მინაშენის საფასადო მხარეს არსებული სამკუთხა ფრონტონი პროფილირებული ჩარჩოთია მონიშნული. ამ ჩარჩოს- ტიმპანის ცენტრში წრიული მედალიონია დასმული. ნაგებობას სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთით გვიანი მინაშენები ფარავს. ჩრდილოეთით კი, ვ.გორგასლის ქუჩისგან - ეზო ლითონის ზღუდით არის გამიჯნული. ინტერიერში შესვლა ვერ მოხერხდა. ნაგებობა სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ითხოვს შველას. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.