საცხოვრებელი სახლი
ქ.ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N15
ძეგლის მოკლე დახასიათება
სამსართულიანი სახლი შელესილი და ვარდისფრად შეღებილი მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. მისი არქიტექტურა რამდენიმე სამშენებლო პერიოდს განეკუთვნება. წარწერის მიხედვით პირველი სართული 1892 წელს არის აშენებული. მას მოგვიანებით მეორე, ხოლო რამდენიმე წლის წინ მესამე სართულიც დაადგეს. სამივე ერთი _ ეკლექტური რენესანსის სტილშია გადაწყვეტილი. ფასადის კიდეებს აქცენტირებას უკეთებს მსუბუქად შვერილი რიზალიტები. პირველი ორი სართული სწორკუთხა ღიობებით არის დანაწევრებული. პირველი სართულის ფანჯრებს შემოუყვება მარტივი საპირეები, რომლებიც საჭექი ქვებითაა აღნიშნული. მეორე სართულის ფასადის ცენტრში მოწყობილ ფანჯრებს სანდრიკები, ხოლო რიზალიტების ფარგლებში გაჭრილს ფრონტონები აფორმებს. მესამე სართულზე თაღოვანი ღიობები გამოდის. მარჯვენა კიდეში განთავსებული სადარბაზო კარის ლითონის აჟურულ წინფრას ფასადის შუაში, ერთმანეთის თავზე გადმოკიდებული აივნების მოაჯირები ეპასუხება. შენობა საფეხუროვანი კარნიზით არის დასრულებული.სახლის ეზოს მხარეს გამავლი უკანა კედელი გადაკეთებების შედეგად სრულიად დეგრადირებულია.შენობა ბათუმური საცხოვრებელი სახლის ტიპური ნიმუშია. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამზირის მასშტაბისა და არქიტექტურული სახის შექმნაში.