ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N47 / რევაზ კომახიძის ქუჩა N16
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორი ქუჩის კვეთაზე განთავსებული ლათინური L-ის ფორმის ორსართულიანი შენობა მთავარი ფასადით ქუჩის პირზე გამოდის. კედლის სიბრტყეები შელესილია და მოთეთრო-მონაცრისფრო ფერზეა შეღებილი. რუსტიკის იმიტაციით გაფორმებულ პირველ სართულს სწორკუთხა ღიობები ანაწევრებს, მეორეს კი თაღოვანი. ფანჯრების წინ მოწყობილ ფრანგულ აივნებს ბეტონის რიკულებიანი მოაჯირები აქვს. შუაკედლისები გაფორმებულია ფასადის მთელი სიმაღლის მომცველი პილასტრებით, რომელთაც კანელურებიანი ტანი და კომპოზიციური კაპიტელები აქვს. შენობა მსხვილი და წინ მძლავრად შვერილი კარნიზით არის დასრულებული. XX საუკუნის შუახნებში აგებული შენობა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუშია ბათუმში.