შუახევის მუნიციპალიტეტი
სოფ. ხაბელაშვილები
აღნიშნული ხიდი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში, ბათუმი-ხულოს საავტომობილო გზის ხიჭაურის დასახლებიდან 13 კილომეტის დაშორებით. ხიდი თავისი ავთენტურობით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებით, გადახურვით უნიკალური და უიშვიათესია მთელ დასავლეთ საქართველოში. ისტორიული მასალებიდან ირკვევა, რომ ანალოგიური ხიდები აჭარაში მე-20 საუკუნის 60 იან წლებამდე იყო შემორჩენილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის კინტრიშის ხეობაში სოფელ ზერაბოსელში (ეპიტაშვილის ნახ 1961 წ და ილიუშინის ნახატი 1959 წ. და ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისში მხატვარი პოპლავსკაია 1959წ) ხიდზე მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: ურთხველა მალებად ბურჯებში და კოჭებად, წაბლი ხიდის მზიდ და საყრდენ მალებად, ხიდის სავალ ნაწილში დასაგებად, მუხა საყრდენ ბოძებად და ურთხველა გადახურვისას ჭერს ქვეშ.. სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ხიდი 300 წლის წინ აუშენებიათ და სოფელ ხაბელაშვილებს აკავშირებდა სოფელ ბარათაულთან, ბრილთან და გომარდულთან. ხიდი აუშენებია გვარად ბერიძეს ხაბელაშვილების მკვიდრს, (ალიოღლის) ასევე, ხიდის მშენებლობისას დიდი ჯაფა გაუწევიათ სოფელ ბარათაულის მცოვრებლებს. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 25 მეტრია.
ხიდის მთავარი საყრდენი ბურჯები ქვის თაღოვანი ხიდების ბურჯების ანალოგიურია. მარჯვენა ბურჯი სიგრძე 4მ. მარცხენა ბურჯის სიგრძე 3მ. განსხვავება ქვის თაღოვანი ხიდების ბურჯებისაგან ისაა, რომ თითოეულ მარჯვენა ბურჯში საფეხურებად დატანებულია 3-3 ცალი ურთხველის მალა, 4 ფენად, ხოლო მარცხენა ბურჯში 3 ფენად. მალები შეკრულია კოჭებით. საწყისი მალა ბურჯიდან 1მ სიგრძეზეა დაგრძელებული,, მეორე ფენის მალა 2მ, მესამე ფენის მალა 3მ და მეოთხე ფენის მალა 4 მეტრით. ბურჯები გარედან კარგად დამუშავებული ქვებითაა აშენებული კირის ხსნარზე, რაც შეეხება ბურჯებში ჩატანებულ მალებს, ისინი გამაგრებულია დუღაბით კირის ხსნარზე. ხიდის სავალი ნაწილის ძირითადი მზიდი 3 მალა ( მთლიანი წაბლის ხე) გადებულია ბურჯებში დატანებულ კოჭებით შეკრულ მალებზე. ხიდი დაგებულია წაბლის ფიცრებით. მალებზე დამაგრებულია სახურავის წაბლის ბოძები, რომლებიც სახურავს ქვეშ შეკრულია ბუნებრივი ოვალური ფორმის ურთხველით. ხიდზე სავალი ნაწილზე მოძრაობისას მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ორივე მხარეს გაკეთებულია ხის მოაჯირი. ხიდი ადრე გადახურული ყოფილა ყავრით, სოფლის მაცხოვრებლებს გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს ხიდის სავალი ნაწილი გადაუხურიათ თუნუქის სახურავით. ხიდს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია.