ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N27
ძეგლის მოკლე დახასიათება
ვაჭარ მნაცაკანოვის, ქვის ორსართულიანი სახლი 1887 წელსაა აგებული. XX საუკუნის დასწყისში შენობაში ესპანეთისა და ნიდერლანდების საკონსულოები ფუნქციონირებდა.
ნაგებობის რუსტირებული ფასადი მკაცრად სიმეტრიულია. დასახსრულია თანაბარი სიგანის სამი თხელი რიზალიტით. შუაში მაღალი, მართკუთხა სადარბაზო შესასვლელია, ხის მოხარატებული ორფრთიანი კარით და ზევით დასრულებული მარტივი ფრონტონით, რომლის კუთხეებში მოწყობილია ლარნაკები. მარცხენა რიზალიტში შიდა ეზოს გვირაბია თაღოვანი შესასვლელით და ლითონის ცხაურიანი ჭიშკრით. მარჯვნივ, მომცრო კარია. ნაგებობა დაბალ ცოკოლზე დგას. ორთავე სართულზე მარტივად მოჩარჩოებული მართკუთხა სარკმლებია. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული ლავგარდანებით, ზევით კი, დასრულებულია ლითონის ცხაურიანი მარტივი პარაპეტით. II სართულის შუაფლანგებზე თითო კიდული აივანია, ლითონის მარტივცხაურიანი აივნით. სადარბაზოს კედლები და ჭერი მდიდრულად არის მორთული ნალესი დეკორაციული შემკულობით. იატაკი მოგებულია გეომეტრიულ და მცენარეულ ნახატიანი ფერადი ფილებით. სახლი L-ის გეგმარებისაა და აქვს შიდა დახურული ეზო, რომლის ფასადი ასევე სიმეტრიულია. შუაში კიბის უჯრედია რიზალიტურად ნაშვერი გალესილი კედლით, მართკუთხა კარით, მოჩარჩოებული სარკმლით და ვიტრაჟით გაფორმებული ლუნეტით. გვერდებზე ღია აივნები იყო გამართული, რომლებიც ამჟამად ამოშენებულია. კლასიცისტურ სტილის საცხოვრებელ სახლზე 2008-2010 წლებში მოეწყო მაღალი მანსარდა და პარაპეტის ჭრელი პანო. სახლის მოვარდისფრო ქვით მოპირკეთებული ფასადი, ლითონის აივნები, დეკორატიული დეტალები შესრულებულია ოსტატობითა და მხატვრული ალღოთი.