ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N27
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი, კლასიცისტურ სტილის საცხოვრებელ სახლზე 2008-10 წლებში მოეწყო მაღალი მანსარდა. ნაგებობის რუსტირებული ფასადი მკაცრად სიმეტრიულია. დასახსრულია თანაბარი სიგანის სამი თხელი რიზალიტით. შუაში მაღალი მართკუთხა სადარბაზო შესასვლელია, ხის მოხარატებული ორფრთიანი კარით და ზევით დასრულებული მარტივი ფრონტონით, რომლის კუთხეებში მოწყობილია ლარნაკები. მარცხენა რიზალიტში შიდა ეზოს გვირაბია თაღოვანი შესასვლელით და ლითონის ცხაურიანი ჭიშკრით. მარჯვნივ მომცრო კარია. ნაგებობა დაბალ ცოკოლზე დგას. ორთავე სართულზე მარტივად მოჩარჩოებული მართკუთხა სარკმლებია. სართულები ერთმანეთისგან გამოყოფილია პროფილირებული ლავგარდანებით, ზევით კი, დასრულებულია ლითონის ცხაურიანი მარტივი პარაპეტით. II სართულის შუაფლანგებზე თითო კიდული აივანია ლითონის მარტივცხაურიანი აივნით.სადარბაზოს კედლები და ჭერი მდიდრულად არის მორთული ნალესი დეკორაციული შემკულობით. იატაკი მოგებულია გეომეტრიულ და მცენარეულ ნახატიანი ფერადი ფილებით. სახლი L-ის გეგმარებისაა და აქვს შიდა დახურული ეზო, რომლის ფასადი ასევე სიმეტრიული იყო. შუაში კიბის უჯრედია რიზალიტურად ნაშვერი გალესილი კედლით, მართკუთხა კარით, მოჩარჩოებული სარკმლით და ვიტრაჟით გაფორმებული ლუნეტით. გვერდებზე ღია აივნები იყო გამართული, რომლებიც ამჟამად უსახურად არის ამოშენებული. ამ სახლში ცხოვრობდა საქართველოს სახალხო არტისტი ნაზი კეჭაღმაძე.