ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N58
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XIX საუკუნის ბოლოს აგებული ერთსართულიანი სახლი წაგრძელებული მთავარი ფასადით, ქუჩის პირზე გამოდის. ის შელესილია და თეთრად არის დაფერილი. ცალკეული ელემენტები მონაცრისფრო ფერზეა შეღებილი. ეკლექტურად გადაწყვეტილ საფასადო სიბრტყეს ანაწევრებს შეწყვილებული სწორკუთხა ღიობები, რომლებიც რუსტიკის იმიტაციით შედგენილი პილატსრებით არის ფლანკირებული. უშუალოდ ღიობები შემკულია პროფილირებული საპირეებით. ისინი ფოთლებით შემკული საჭექი ქვებითაა აღნიშნული. მათ თავზე სანდრიკებია გამოყვანილი. ფანჯრების რაფები უწყვეტი ჰორიზონტალური სარტყლით არის შექმნილი. სარტყლის ქვემოთ, ღიობების სიმეტრიულად, კონცენტრული წრეებით აღნიშნული მართკუთხედებია განთავსებული. ფასადს მეანდრების რიგით გაფორმებული ფრიზი და საფეხუროვანი კარნიზი ასრულებს. მხატვრული თვალსაზრისით გამოირჩევა სადარბაზოების ორფრთიანი (მარჯვნივ) და ოთხფრთიანი (მარცხნივ) კარები. მათ ხის დეკორი და ლითონის აჟურული ცხაური ამკობს. სახლის ეზოს მხარეს გამავალ ფასადს, გვიანდელი მინაშენებების შედეგად,თავდაპირველი სახე სრულიად შეცვლილი აქვს. შენობას თავისი წვლილი შეაქვს ქუჩის ისტორიული განაშენიანების შენარჩუნებასა და არქიტექტურული სახის შექმნაში.