ქ.ბათუმი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა N12-14-16 /ფარნავაზ მეფის ქუჩა N1-3 / საიათნოვას ქუჩა N2 / ოთარ ჭილაძის ქუჩა N3
ძეგლის მოკლე დახასიათება
შენობა XIX საუკუნის დასასრულს აიგო ჩილინგარიანის დაკვეთით, რომელიც ამავე ქუჩაზე რესტორნით, მშრალი და ნათელი ნომრებით, ზღვის წყლის აბაზანებითა და საშხაპეებით, ელექტროგანათებით, ჟურნალ-გაზეთებით, თარჯიმნითა და ტელეფონით უზრუნველყოფილ პირველი კლასის სასტუმრო ,,ორიენტალს“ ფლობდა. ოთხსართულიანი შენობა მთელ კვარტალს მოიცავს. ნაგებობას, თავისი მომგებიანი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, მოგვიანებით, შენობას სხვადსხვა ფუნქცია ჰქონდა. ამ შენობაში განთავსებული იყო სავაჭრო სახლი, პორტის სამმართველო, ,, ჩაის სახლი“, საკურორტო, საფოსტო განყოფილება და სხვ. იგი მთავარი ფასადით ი.გოგებაშვილის ქუჩაზე გადის და ზღვისკენაა მიმართული. საიათნოვას ქუჩას შენობა ვიწრო ფასადით უკავშირდება, ხოლო ფარნავაზ მეფის ქუჩას მიუყვება ელიავას გადაკვეთამდე. შენობის პირველი-ორი სართული ქვისაა, სწორკუთხა (პირველი სართული) და თაღოვანი ღიობებით (მეორე სართული) დანაწევრებული. ღიობთა შუაკედლისები რუსტებისაგან შედგენილი პილასტრებითაა შევსებული. თაღების თავზე კი, საჭექი ქვებია. კლასიცისტური მორთულობის ორ სართულს მოსდევს ორი სწორკუთხა, თანაბარი რიტმის მქონე ღიობებით დანაწევრებული მესამე და მეოთხე სართული. სართულებს შორის გავლებულია მძლავრი, ჰორიზონტალური სარტყელი. მთლიანად შენობა ასევე მძლავრი კარნიზითაა დაგვირგვინებული. ი.გოგებაშვილის მხარეს, სიმეტრიის ღერძზე, მთავარი სადარბაზოა მოთავსებული, რომლის თავზეც ლითონის აივანია. საკუთრივ აივანი ფლანკირებულია ხის ანდებით. ე. წ. ჩაის სახლი ერთ-ერთი ადრეული და მხატვრული თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა ბათუმში. იგი საკვანძო ნაგებობაა არა მხოლოდ უბნის, არამედ ქალაქის მასშტაბით.