ქ. ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა N2 / ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N14
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორი ქუჩის გადაკვეთაზე მდგარი საბჭოთა პერიოდის მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი XX საუკუნის 50-იან წლებში უნდა იყოს აგებული. იგი რკინაბეტონის კონსტრუქციის მქონეა, კედლები კი აგურითაა ამოყვანილი. მისი ფასადები შელესილი და შეღებილია. შენობაზე არსებული მორთულობა კი, ნაძერწია. ქუჩათა გადაკვეთის ადგილას შენობის კოშკური მოცულობა ოდნავ შიგნითაა შეწეული და ქუჩებზე გამავალ ორ ფლიგელზე მაღალია. იგი გეგმაში სწორკუთხა კუბური მოცულობითაა დასრულებული, რომლის წახნაგზეც დიდი ზომის საათებია მოთავსებული და ორივე ქუჩიდან კარგად მოჩანს. ზ.გორგილაძის (ერას) ქუჩაზე გამავალი ფასადის პირველი სართული გეგმაში რვაკუთხა, კაპიტელებიანი სვეტების მქონე თაღოვანი გალერეით არის გახსნილი. ანალოგიური სვეტებიანი თაღნარია კოშკურა მოცულობის პირველი სართულის ორივე წახნაგზე. ოღონდ პირველისგან განსხვავებით, მათ სიღრმეში დიდი ზომის თაღოვანი ვიტრინებია მოთავსებული. სახლის პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული. შენობის ფასადები დანაწევრებულია სწორკუთხა და თაღოვანი ღიობებით. ზედა სართულებზე კარის ღიობებს მიბჯენილი აქვთ შეკიდული, გეგმაში სწორკუთხა და ხუთწახნაგა ლითონისმოაჯირიანი აივნები. მთლიანი შენობის სამივე მოცულობა მსგავსი, შვერილი და პროფილირებული, კრონშტეინებით შემაგრებული კარნიზით სრულდება. ფასადთა მორთულობაში გამოყენებულია შემდეგი არქიტექტურული დეტალები: რუსტები, კაპიტელებით დასრულებული პილასტრები, კრონშტეინები, კონსოლები, პროფილირებული არშიები და სხვა. მორთულობაში გამოყენებული ორნამენტული დეტალები ქართული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრული რეპერტუარიდან არის აღებული. თავისი მასშტაბის გამო შენობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ უბნის განაშენიანებაში.