ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N56 / ლუკა ასათიანის ქუჩა N38 / ფარნავაზ მეფის ქუჩა N71
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
1935 წელს აგებული სამსართულიანი, საკმაოდ დიდი ზომის საცხოვრებელი სახლი კონსტრუქტივიზმის სტილისტურ ნიშნებს ატარებს. გეგმაზე п ფორმის შენობის პერიმეტრი სამ ქუჩაზე გადის. ქუჩების მიმართულებით განვითარებული შენობის ფრთები კუთხეში განთავსებული კიბის უჯრედით არის შეერთებული, რომელიც ოდნავ შეწეული და კუთხოვანია, რაც ამ ნაწილში შენობის შეტეხილ აბრისს ქმნის. შენობის შეტეხილი კუთხის პარაპეტზე დატანილია აგების თარიღი და საბჭოთა სიმბოლიკა ,,ნამგალი და ურო“. შენობის ტეხილი აბრისი,კიბის უჯრედებით დაკავშირებული ფრთები, სწორკუთხა სარკმლებისა და სადარბაზოს ღიობების რიტმი, გეომეტრიული დეკორატიული ელემენტები ნაგებობას გასული საუკუნის 30-იანი წლების ანალოგიური ტიპის ნიმუშებთან აკავშირებს.