ქ. ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N40 / სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N2
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ორსართულიანი შენობა მე 19-ე საუკუნის ბოლოსაა აგებული. გეგმაში ლათინური L –ის მოხაზულობის სახლი გრძივი ფასადით ზ. გამსახურდიას ქუჩაზე გადის, განივი ფასადებით კი, ს.ზუბალაშვილისა და ხულოს ქუჩებზე. პირველი სართული კომერციულადაა ათვისებული და მისი კედლები დიდი ზომის სწორკუთხა ვიტრინებითაა დანაწევრებული. შუაკედლისები რუსტებისაგან შედგენილი პილასტრებითაა შევსებული. ვიტრინათა თავზე, მათივე სიგანის ჰორიზონტალური ნაშვერებია. სართულებს შორის გამყოფი სარტყლის ქვეშ პირამიდების მწკრივია გავლებული (მისი მხოლოდ ნახევარია შემორჩენილი). მეორე სართულის კედლები გლუვადაა დატოვებული. მისი დამანაწევრებელი სწორკუთხა ღიობები პროფილირებული არშიითაა მოჩარჩოებული. მთლიანად შენობა შვერილი კარნიზით არის დასრულებული. მეორე სართულის დონეზე განივ ფასადებს კლასიციზმისა და რენესანსის ასოციაციებით შთაგონებული ლითონის შეკიდული, აჟურულმოაჯირიანი აივნები აქვს მიდგმული. ფასადები. უპრეტენზიო ფორმებისა და დეკორის შენობა ისტორიული უბნის მოკრძალებული ნიმუშია.