ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N 10
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისში აშენებული ორსართულიანი ნაგებობა ქუჩის მჭირო განაშენიანებაშია ჩართული. სამშენებლო მასალად გამოყენებულია მოშავო -რუხი ფერის ქვის კვადრები. რენესანსულ-კლასიცისტურ სტილში გადაწყვეტილი შენობის ფასადები შელესილია. ხუროთმოძღვრული დეტალები (ღიობების პროფილები, დეკორაციული მოტივები) ნალესობითაა გამოყვანილი. საფასადო სიბრტყის ცოკოლის ნაწილი, სრულიად სადაა, რომელშიც დატანებულია სადარბაზოს პატარა ფანჯრები. ორივე სართულზე კედლის ზედაპირი ჰორიზონტალურადაა დაღარული. ფასადზე რიტმულად ჩარიგებულ სწორკუთხა ღიობებს კლასიკური, პროფილირებული მოჩარჩოება აქვს, "საჭექი ქვებით," ჰორიზონტული თავსართებით და სხვა დეტალებით. სადარბაზო, ფასადის ცენტრშია მოქცეული. მის ზემოთ, მეორე სართულის ეს ნაწილი, აქცენტირებულია თაღოვანი ფანჯრის ღიობით და პარაპეტის არეში გამრუდებული ფრონტონის მონაკვეთით. საცხოვრებელი სახლი საყურადღებოა, როგორც ქალაქგეგმარებითი, ასევე მხატვრული თავლსაზრისით. ნაგებობა თავისი პროპორციით და თავშეკავებული მორთულობით ორგანულადაა ჩაწერილი განაშენიანებაში.