ქ.ბათუმი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა N9
ძეგლის მოკლე დახასიათება
გოგებაშვილი ქ. #9 XX საუკუნის შუა წლებში აგებული შენობა ზღვის პირას დგას. იგი წარმოადგენს ორ ერთმანეთისგან დაშორებულ პარალერულად მდგომ, ორსართულიან კუბურ მოცულობას, რომლებიც ერთმანეთთან იონიური ორდერის სვეტებზე დაყრდნობილი ვერანდის საშუალებით არიან დაკავშირებულნი. ვერანდას ქუჩის მხარეს, მოაჯირად ბალუსტრადა გასდევს. კუბური მოცულობები ქუჩის მხარეს იმავე ორდერის სვეტებით არის დამშვენებული, მათსა და კედლებს შორის ვიწრო გასასვლელები იქმნება. სვეტებს მოსდევს მაღალი ანტაბლემენტი. კუბური მოცულობები, პირველი სართულის დონეზე სწორკუთხა ღიობებით ნაწევრდება. მეორე სართულებზე კი თაღოვანი ღიობებია. აღნიშნული სართუილი შვერილი კარნიზით სრულდება. ზღვის მხარეს კუბებს, მეორე სართულის დონეზე გეგმაში ნაწევარწრიული ვერანდა-აივნები აქვს, რომლებიც ტოსკანური ორდერის სვეტებს ეყრდნობა. ორ აივანს შორის მათზე ოდნავ მოზრდილი ვერანდის ნახევარწრიული აივანია, რომელიც იონიური ორდერის სვეტებს ეყრდნობა. სამივე აივნის მოაჯირებს რიკულებისგან შედგენილი ბალუსტრადა წარმოადგენს. შენობაში ამჟამად განთავსებულია რესტორანი. აღნიშნული ნაგებობის ექსტერიერი კლასიცისტური სტილთ არის შთაგონებული და საბჭოთა პერიოდის საყურადრებო ნიმუშს წარმოადგენს. მას ზღვისპირა ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია.