გრაფინია ფესენკოს აგარაკი / მახინჯაურის ბავშვთა სახლი
ბათუმის მუნიციპალიტეტი, დასახლება მახინჯაური
მსხვილმასშტაბიანი ნაგებობა სამ სართულიანია. მისი ფასადები, ყველა მხარეს ერთნაირია და ღია აივან-გალერეებით არის წარმოდგენილი. აივნები მართკუთხა გეგმის მქონე მასიურ სვეტებს ეყრდნობა, რომლებიც თითოეულ სართულზე ფასადის იერსახეს განსხაზღვრავს. ცენტრალურ მხარეს, ნაგებობას, ორბაქნიანი კიბე აქვს მიდგმული, რომელიც მეორე სართულს ეზოსთან აკავშირებს. ის ორ ნაწილად, აივნის პარალელურად იშლება. კიბე მასიურ ბოძებს არის დაყრდნობილი, მათ შორის კი თაღებია მოთავსებული. სახლის პირველი სართულის ფასადი სადად გადაწყვეტილია. სვეტები და ღიობები შეუმკობელი. მეორე სართული დორიული კაპიტელებით დაგვირგვინებული სვეტებით არის წარმოდგენილი, სვეტებს თან ერთვის იონიკური ფრიზები. ღიობები მცენარეული, სიმეტრიული კომპოზიციებით არის გაფორმებული, რომლის ცენტრშიც სხვადასხვა, ლანდშაფტური და მარინისტული პეიზაჟებია ჩახატული. მესამე სართულის კანელურებით დაღარული ბოძები კორინთული სვეტისთავებით არის შემკული. ღიობები ზემოთ აღწერილი მცენარეული კომპოზიციის ანალოგიურად არის გაფორმებული. აივნებს მცენარეული ბალუსტრადა საზღვრავს. სართულების გამყოფი ფრიზები ერთმანეთისაგან განსხვავებულია, მეანდრულს მცენარეული, მცენარეულს კი იონიკური ფრიზები ენაცვლება. ასევე მცენარეული კარნიზით არის გაფორმებული გალერეის სივრცისაკენ მიმართული კედლები. შენობის თავზე, ბოძების აყოლებაზე, აღმართულია მცირემასშტაბიანი სვეტები, რომლებზეც ქოთნებია შემოდგმული. როგორც ჩანს, სვეტებს შორის ვერანდის შემომსაზღვრელი მოაჯირი იყო. სახლს სახურავზე აღმართული მცირე ზომის დამატებითი ნაგებობა აგვირგვინებს. ინტერიერში აღსანიშნავია ბუხარი, შიდა კიბე, რომელსაც მასიური, მცენარეული მოტივებით გაფორმებული მოაჯირი საზღვრავს, ასევე, სადა კარნიზები და სხვა.