ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N54 / ლუკა ასათიანის ქუჩა N35
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნაგებობა XX საუკუნის 50-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია. მდებარეობს ვახტანგ გორგასლის და ლ.ასათიანის ქუჩების გადაკვეთაზე. გეგმაზე წარმოადგენს მართკუთხა ფორმის სამსართულიან ნაგებოაბას- სარდაფით. ცოკოლის მონაკვეთი გაფორმებულია დეკორატიული ლესვით რუსტირების სახით. დანარჩენი ფასადი სადაა და დაფერილი მოყვითალოდ. ფასადებს ანაწევრებს სიმეტრიულად განლაგებული ფანჯრის სწორკუთხა ღიობები. ყოველი სართული გამოყოფილია მცირედ შვერილი პროფილირებული სარტყლით. ნაგებობის კუთხეებს აუყვება ლესვითვე გამოყვანილი კვადრების წყობა. ფანჯრებს შემოსდევს მცირედ პროფილირებული მოჩარჩოება. მათ ქვემოთ კი, კედლის სიბრტყეზე კუთხეებჩამოკვეთილი მართკუთხა არეებია მოთავსებული. ლ.ასათიანის ქუჩის მხარეს ფანჯრები ასიმეტრიულადაა განლაგებული. პირველ სართულზე სამი ფანჯარა გამოდის, მეორეზე ორი, ხოლო მესამეზე მხოლოდ ერთი. მათი დეკორი იმეორებს მთავარი ფასადის ფანჯრის მორთულობას. ვ.გორგასლის ქუჩის მხარეს ფასადის შუაში, სამი განიერი და მაღალი შესასვლელია გაჭრილი. აივნები სიმეტრიულადაა განლაგებული ზედა ორ სართულზე - სამ-სამი თითო სართულზე. ნაგებობის უკანა მხარე, რომელიც ეზოში გადის სრულიად მოურთავია. აქ განთავსებულია ორი სადარბაზო.