ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N33
XIX საუკუნის ბოლოს, ბათუმელმა ებრაელებმა თხოვნით მიმართეს რუსეთის იმპერატორს-ნიკოლოზ II-ს ბათუმში სინაგოგის აგებაზე თანხმობის შესახებ. 1899 წელს ოლქის გუბერნატორმა იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრისაგან მიიღო ბრძანება- თანხმობის შესახებ. 1904 წელს ბათუმში აშკენაზი ებრაელების სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა. აშენდა არქიტექტორ ს.ვულკოვიჩის პროექტით. ქვის ორსართულიანი, შელესილი და თეთრად შეღებილი შენობა ქუჩიდან ოდნავ სიღრმეში დგას. მავრულ სტილში გადაწყვეტილი მთავარი ფასადის კიდეებში მოწყობილია მძლავრად შვერილი რიზალიტები, რომელთა წინ ქუჩიდან გალავნით მოსაზღვრული მცირე ზომის ვერანდები წარმოიქნება. ფასადის ცენტრი ორ ნახევარსვეტზე გადაყვანილი კილისებური თაღით შემოწერილ კარს უკავია. შესასვლელისკენ განიერი, პარადული კიბე მიემართება. მეორე სართულის ღიობები გამოხატულად ნალისებრი ფორმისაა. შენობა ქონგურებიანი კარნიზით არის დასრულებული. 1929 წელს სინაგოგა დახურეს და წლების განმავლობაში შენობაში სხვადასხვა ორგანიზაცია იყო განთავსებული. 1992 წელს ბათუმის სინაგოგა აღდგენილი სახით დაუბრუნდა ებრაულ თემს. შენობა თავისი ეპოქის, უდაოდ ერთ-ერთი, გამორჩეული ნაგებობა და არქიტექტურის კარგი ნიმუშია.