ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის 21
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ქალაქ ბათუმში (ძველი ბათუმი) ვახტანგ გორგასალის ქუჩა N21-ში. შენობა ასიმეტრიული გეგმარებით ხასიათდება. დღეს, შენობის ჩრდილოეთი ფასადი ყრუ კედლით გამოდის გორგასლის ქუჩის მხარეს. თუმცა, როგორც XIX საუკუნის ფოტოზე ჩანს, თავდაპირველად იგი მთლიანად ქუჩის სავალ ნაწილზე იყო გადმოსული, რიყის ქვებით ნაგებ შეულესავ ფასადზე კი, მცირე ზომის, სწორკუთხა, კიდეებმოპირკეთებული და რკინის გისოსებიანი 5 სარკმელი იყო გაჭრილი. მთავარი შესასვლელი და სწორკუთხა ფანჯრის ღიობებიანი აღმოსავლეთი ფასადი, ეზოს ნაწილშია მოქცეული. ამავე მხარეს, სარდაფში ჩასასვლელი კიბე და კარ-ფანჯრებია გაჭრილი. შესასვლელი კარის ორივე მხარეს სიმეტრიულად 2-2- სწორკუთხა არც ისე მაღალი ფანჯარაა. შენობის უკანა და გვერდითა, დასავლეთი მხარეები მყარად ნაგები შვერილი მოცულობებითაა წარმოდგენილი. ეზოს უკანა მხარეს, შვერილ გაშიშვლებულ კედლებზეც ჩანს, რომ შენობა ნაგებია მაგარი რიყის ქვებით. კუთხეების წყობაში გამოყენებულია მოსწორებულზედაპირიანი ქვის ლოდებიც. სქელ კედლებში დატანილია ვიწრო, განსხვავებული ფერის ქვებით მოპირკეთებული ვიწრო, გისოსებიანი სარკმელები. ამავე მხარეს, სავარაუდოდ, ჩართულია ღუმელისათვის განკუთვილი აგურის კედელი, რომლის მიღმა სარდაფში, აგურითვე ამოქოლილი თაღოვანი ღიობი იქნებოდა გახსნილი. შესაძლოა, აგურის ეს კედელი უფრო გვიან – XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იყოს ამოყვანილი. სამხრეთ მხარესაც შენობას მცირე შვერილი მოცულობა ჰქონდა, რომლის ფასადი ერთადერთი შემორჩენილი მხატვრული დეტალით – კაპიტელებიანი სვეტებითა და მათზე თაღებით გადაბმული ორი თაღოვანი სარკმლითაა შემკული. შენობის ამ ნაწილში ამჟამად, ცალკე შესასვლელია გაჭრილი. სარკმელთა შემკულობა, მარტივი პროფილის პილასტრები და თაღები მოწმობს მათ სიძველეს. შენობის სამი ფასადი, ამჟამად შელესილია. თავდაპირველად, ქვის და დუღაბის წყობით ნაგები კედლები, შეულესავი იყო. ხის კარკასს დამყარებული სახურავი გადახურული იყო ღარიანი კრამიტით. ამჟამად, შენობას მარტივი პროფილის კარნიზი და თუნუქის და აზბოცემენტის ბურული აქვს.