ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N8-10
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ნაგებობას აქვს საუწყებო კლასიცისტური შენობებისათვის დამახასიათებელი გეგმარებითი სტრუქტურა და საფასადო გაფორმება. აგურის შეულესავი წყობით ნაგები ორსართულიანი სახლი გრძივი ფასადით დგას ქუჩის პერიმეტრზე და ქვის ცოკოლს ეფუძნება. აგურის სიბრტყე დასახსრულია, I სართულზე თარაზული, ხოლო II სართულზე თაღოვანი, თავსართებიანი სარკმლების რიგებით. საფასადო სიბრტყეს შუაში სართულებს შორის და ზევით შემოსალტავს რთულპროფილიანი წრეთარგიანი ლავგარდანი, ნალესი ტრიგლიფებიანი და ბურთულებიანი არშიებით. ნალესობით არის გამოყვანილი თაღოვან სარკმელთა თავსართები და II სართულის პილასტრების ბაზები და კაპიტელები.შენობას მთავარი სადარბაზო შესასვლელი კ. გამსახურდიას ქუჩისკენ აქვს. შესასვლელის კლასიცისტურ, ნალესი ფრონტონით და ლილვებით აქცენტირებულ ღიობში ჩასმულია მოდერნული დეკორით მოხარატებული და ლითონის ცხაურებიანი ხის ორფრთიანი კარი. მოდერნულ ცხაურიანი მოაჯირები გასდევს შენობის პარაპეტსაც, რომელიც მოქცეულია თანაბრად განლაგებულ, ოვალებითა და ღილაკებით პროფილირებულ, კუბურ მოცულობებს შორის. ამდენად, ეს შენობა კლასიცისტური და მოდერნული მოტივების შერწყმის საინტერესო ნიმუშია. სადარაზოში ვრცელი ჰოლია ქვის კიბით და თაღოვან-კამარული გადახურვით. შენობის უკანა მხარე ადაპტირებულია. აქ, ორ შვერილს შორის ცენტრში მოწყობილია მოაჯირიანი ტერასა ლითონის სადგარებიან კონსტრუქციაზე შეკრული მინის გადახურვით. ასევე, შენობის ფანჯრების ხის ჩარჩოები შეცვლილია ალუმინის ალათებით.