ქ. ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა N32 / პ.მელიქიშვილის ქუჩა N37
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისში აგებული ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი კლასიცისტური რეპერტუარიდან აღებული დეტალებითაა გაფორმებული. ფასადები შელესილი და თეთრად შეღებილია. აქიტექტურული დეტალები და პროფილები ნალესობითაა გამოყვანილი. პ.მელიქიშვილის ქუჩის მხრიდან შენობას ემიჯნება ეზო, რომლის ყრუ გალავანი და აჟურული ჭიშკარი ქუჩის პირზე გამოდის. შენობის ორი სადარბაზო შესასვლელი მელიქიშვილის და ზ. გორგილაძის ქუჩის მხრიდანაა. მათ თავზე ლითონის აჟურული დეტალებით გაფორმებული გადახურვაა მოწყობილი. პირველი სართულის ფასადის სიბრტყე პარალელური ღარებითაა დამუშავებული. მეორე სართულზე - რუსტიკის იმიტაციაა. სართულებს ერთმანეთისაგან გამოყოფს პროფილირებული კარნიზი. სარკმელთა ძირი - ორივე სართულზე ჰორიზონტალური სარტყელითაა ხაზგასმული. ღიობები პროფილირებულ ჩარჩოშია ჩასმული. მათ ქვევით გეომეტრიული სახეებისაგან (წრე, სწორკუთხედი) შევსებული სწორკუთხა ჩანართებია. მეორე სართულის სარკმლების თავზე არქიტრავზე დაყრდნობილი ბრტყელი თაღებია გადაყვანილი. შენობას ასრულებს პროფილირებული კარნიზი, რომელსაც ქვევიდან მეანდრის ზოლი გაუყვება. შენობის მეორე სართულზე ლითონის აჟურული, გადახურული აივნებია. გალავნითა და ლითონის აჟურული ჭიშკრით შემოზღუდული ეზო, განსაზღვრავს მის მიმზიდველობას უბნის განაშენიანებაში.