ქობულეთის მუნიციპალიტეტი
სოფელი ჩაისუბანი.
ჩქვისწყლის ხეობაში დადასტურებული რკინის სადნობი სახელოსნო ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის ტერიტორიაზე მდებარეობს, შავი ზღვის სანაპიროდან 3,5-4 კმ-ის დაშორებით.
არქეოლოგიური ექსპედიციის დროს 2000 წელს ტერიტორიაზე გაიწმინდა რკინის სადნობი ორი ქურა, რომელსაც პირობითად „ჩაისუბანი I“ ეწოდა. რკინის სადნობი ქურები ერთმანეთის პარალელურად, 50 სმ-ის დაშორებითაა განლაგებული. ქურები კონსტრუქციით ჩაბრუნებული პირამიდის ფორმისაა. ქურის ძირთან კედლები თიხითაა შელესილი. თავის მხრივ ქურის ძირსაც ნახევარსფერული ფორმა აქვს. მთლიანობაში ქურა თიხნარ გრუნტშია ჩაჭრილ-ჩაშენებული. მის ირგვლივ კედელი კი მაღალი ტემპერატურის გამო, 10-15 სმ. სისქეზე წითლადაა გამომწვარი. ქურების მახლობლად გამართული ყოფილა ბრტყელი ქვებითა და საშუალო სისქის კერამიკის ფრაგმენტებით მოზაიკურად მოკირწყლული სამეურნეო მოედანი. გათრების შედეგად მოპოვებული კერამიკული მასალა ქურა-სახელოსნოებისათვის დამახასიათებელი ნიმუშებია და ინახება აჭარის მუზეუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.
რკინის სადნობი ქურა-სახელოსნო ,,ჩაისუბანი I“ სანაპირო ზოლის მაგნეტიტური ქვიშის ბაზაზე მუშაობდა. ჩაისუბნის ტერიტორიაზე დასტურდება, ასევე, ცეცხლგამძლე და ძნელადლღობადი თიხების საბადოები, მაგარი ჯიშის ხის საწვავი მასალა, რაც მთლიანობაში მოცემულ რეგიონში ლითონდამამუშავებელი სახელოსნოს ფუნქციონირებისათვის არსებითი ხელშემწყობი გარემოება იყო. ,,ჩაისუბანი I“ ძვ.წ. X-VIII საუკუნეებით თარიღდება.