ქ. ბათუმი, ვაჟა-ფშაველას ქუჩა N45 - სტეფანე ზუბალაშვილის ქუჩა N30
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
დღევანდელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს შენობა 1930-1935 წელბში აშენდა არქიტექტორ დ. სვიშჩევსკის პროექტით. მასში სასტუმრო ,,1 მაისი” ფუნქციონირებდა. 1944 წელს, სასტუმროში ცხოვრობდა დიდი ქართველი პოეტი-გალაქტიონ ტაბიძე. ორი ქუჩის კვეთაზე განთავსებული სამსართულიანი სასტუმრო კუთხის მომრგვალებული ფასადით, მოედნის მოხაზულობას იმეორებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი სივრცული ორგანიზების საკითხში. ფართო სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებული საფასადო სიბრტყეები შელესილია და მოვარდისფრო-ქვიშისფერ ფერზეა შეღებილი. მათზე დატანილი სხმული დეკორატიული ელემენტები - ვარდები და სურები წაბლისფერი დაფერვითაა გამოყოფილი. კუთხის ფასადზე განთავსებული ორი დიდი პანო რეგიონისათვის დამახასიათებელი სამეურნეო კულტურების, მანდარინისა და ჩაის მოსავლის აღების სცენებს ასახავს. პარაპეტის აჟურული მოაჯირი ვაზის მტევნების რიგით არის შექმნილი. ინტერიერში აღსანიშნავია მარმარილოს ცენტრალური კიბე. შენობას გამორჩეული ქალაქგეგმარებითი ღირებულება აქვს. ის, ასევე საინტერესოა ფასადების დანაწევრებისა და დეკორატიული გაფორმების თვალსაზრისით.