ქ.ბათუმი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა / N18 - საიათნოვას ქუჩა N1
ძეგლის მოკლე დახასიათება
მოდერნის სტილის შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. თავდაპირველი ჩანაფიქრით ის ორსართულიანი ნაგებობა იყო, რომელსაც რამდენიმე წლის წინ მესამე სართული და მანსარდა დააშენეს.სახლის მთავარი ფასადი გოგებაშვილის ქუჩაზე გამოდის. შენობის როგორც მთავარი ასევე გვერდითა, საიათნოვას ქუჩაზე გამავალი ფასადი მართკუთხა კარ-ფანჯრების ღიობებითაა დანაწევრებული. შენობის შვეულ დანაწევრებას ხელს უწყობს კედლის სიბრტყიდან ამოზრდილი პილასტრები, რომლის ზედაპირიც მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტებითაა დამუშავებული; პილასტრთა ზედა ნაწილებში ლომის თავის თითო რელიეფური გამოსახულებაა ჩასმული. მეორე სართულის დონეზე ფასადებს მცენარეულ ორნამენტიანი ფრიზი გაუყვება. როდესაც სახლს მესამე სართული (მის ცენტრში მანსარდაცაა დაშენებული) დაადგეს და რითიც დაირღვა შენობის თავდაპირველი ჩანაფიქრი, მისი მამკობი ელემენტები (ფრიზი, კრონშტეინები) ძველი შენობიდან იქნა აღებული და ზუსტად იმეორებენ მათ.სახლი მრავალმხრივაა მნიშვნელოვანი. ის მოდერნის სტილის საყურადღებო ნაგებობას წარმოადგენს და ასევე თავისი მასშტაბითა და პროპორციებით (თუმცა ახლა სამწუხაროდ ბევრად სახეცვლილი) სანაპიროს მხარის განაშენიანებაში დომინანტის როლს ასრულებს.