"წმ. მარიამის" ეკლესია
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. დაგვა
ძეგლის მოკლე დახასიათება
გუმბათიანი ეკლესია ნაგებია სხვადასხვა ზომის ცუდად დამუშავებული ქვით, კირის დუღაბზე. ქვა მოშავო-მონაცრისფროა. წყობა სწორხაზოვანია. ეკლესიის ზომებია: 12,2X9,5 მ. ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. აღმოსავლეთით სამი შვერილი, ღრმა აბსიდით. მთავარი აბსიდის ორივე მხარეს პასტოფორიუმებია. გვერდითა აბსიდებში გაჭრილია თაღოვანი ნიშები. საკურთხეველი პასტოფორიუმებს თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. სამივე აბსიდში გაჭრილია თაღოვანი სარკმლები. კონქები ამოყვანილია ფლეთილი ქვის რადიალური რიგებით. საკურთხევლის წინ ორსაფეხურიანი სოლეაა. სატრიუმფო თაღი წახნაგოვან სვეტებს ეყრდნობა. იატაკზე შემორჩენილი იყო მრგვალი სვეტების ბაზისები, რომლებსაც ცენტრალური სივრცე ეყრდნობოდა. დასავლეთ და სამხრეთ კედლებზე შემორჩენილია თაღების საყრდენი კრონშტეინები. ეკლესიის გრძივ კედლებზე სარკმლები სიმეტრიულადაა განლაგებული. ქვის სამსაფეხურიანი შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. გარედან არქიტრავული, შიგნიდან - თაღოვანი. დასავლეთ შესასვლელის თავზე მაღალი, თაღოვანი სარკმელია. ორივე კარი რკინისაა და შეღებილია.