ქ. ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N33/ რუსთაველის გამ. 4
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის შენობა 1899-1903 წლებში აშენდა საქართველოში მოღვაწე პოლონელი არქიტექტორის- ალ. შიმკევიჩის პროექტით. თავიდან შენობა ვაჟთა გიმნაზიისათვის იყო განკუთვნილი. ბათუმში ვაჟთა გიმნაზიის გახსნის საკითხი 1893 წელს დაისვა. ქალაქის თავი-ლუკა ასათიანი საგანგებოდ გაემგზავრა, ბათუმიდან პეტერბურგში და გიმნაზიის მშენებლობის ნებართვაც მიიღო. გიმნაზიის შენობის გეგმა სამხედრო ინჟინერმა, სედელნიკოვმა შეადგინა. სასწავლებელს მიხეილის გიმნაზიას უწოდებდნენ. XX საუკუნის დასაწყისისათვის ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდრული შენობაიყო ბათუმში. კიბეები და სვეტები მარმარილოსი იყო, ვრცელი ჰოლი ჰქონდა და ეზოშივე იყო ეკლესიაც. შემდეგ სხვადასხვა წლებში გიმნაზია ჯერ ტექნიკუმად, შემდეგ, სამასწავლებლო ინსტიტუტი-პედაგოგიურად და ბოლოს 1990 წლიდან - უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. ამჟამად, უნივერსიტეტს მთელი კვარტალი უკავია. მისი თავდაპირველი შენობა ე.ნინოშვილის ქუჩის მხარეს დგას და მთავარი ფასადით ზღვისპირა ბულვარს გადაჰყურებს. შენობა სამსართულიანია, ძალიან გრძელი. მისი შუა ნაწილი აქცენტირებულია რიზალიტით, რომელიც შესამჩნევად არის წინ გამოწეული და სიმაღლითაც სჭარბობს გვერდითა ნაწილებს. რიზალიტის არეში ფანჯრები პირველ და მესამე სართულებზე, ნახევარწრიულთაღოვანია, მეორეზე - მართკუთხა. გვერდითა ნაწილებზე პირიქითაა - თაღოვანია მეორე სართულის ფანჯრები, სხვები კი, მართკუთხაა. მთავარი შესასვლელი რიზალიტის ცენტრშია. ის ფლანკირებულია პატარა შეწყვილებული სვეტებით და დაჩრდილულია ნახევარცილინდრული წინფრით. ფასადის გაფორმების ძირითადი ხერხია, მართკუთხა, ამოწეული და ჩაწეული სიბრტყეების მონაცვლეობა. ისინი სხვადასხვა ფერად (თეთრად და ცისფრად) არის დაფერილი და უხვი დეკორის შთაბეჭდილებას ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ნაძერწი შემკულობა ფასადს არ გააჩნია. 1977-1982 წლებში შენობას (იმხანად პედაგოგიურ ინსტიტუტს) რუსთაველის გამზირის მხრიდან მიუშენეს ახალი კორპუსი, რომელიც სტანდარტიზებული, უსახური, საბჭოური მშენებლობის ნიმუშია. 2006 წელს ახალ კორპუსს, შ.რუსთაველის პროსპექტის მხარეს, გაუკეთდა ფერადი მინის დიდი ეკრანი, რომელმაც მთლიანად დაფარა ფასადი. ძველ და ახალ კორპუსებს შორის, უნივერსიტეტს აქვს დიდი, ორნაწილიანი ეზო. უნივერსიტეტის შენობა თავისი ისტორიული მნიშვნელობით, მხატვრული ღირებულებით, მასშტაბითა და ურბანული როლით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია ბათუმში.