ქ. ბათუმი, მერაბ კოსტავას ქუჩა N21
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი სახლი, ეზოში შესასვლელი ჭიშკრის თავზე არსებული თარიღის მიხედვით 1892 წელსაა აშენებული, აქვეა მოცემული მფლობელის ინიციალებიც: `АМ~. სახლი სიმეტრიულად ნაწილდება ღიობების მეშვეობით. ცენტრში ეზოში შესასვლელი მართკუთხა ღიობია გაჭრილი, ხოლო სახლის გვერდითა ნაწილებში _ თითო სადარბაზო. სახლის კუთხეები და ეზოს ღიობი რუსტირებულია. ყველაზე მეტად გეომეტრიული ფორმებით აქცენტირებულია სახლის პირველი სართული. სარკმლის ღიობები ორ-ორადაა დაჯგუფებული შესასვლელ ღიობთა შორის. მათ რამდენიმე საფეხურიანი მართკუთხა საპირე შემოუყვებათ, რომლებიც ერთმანეთთაც ღიობთა ქვემოთ გამოყვანილი თარაზული პროფილირებული თაროთი ერთიანდება. სარკმელთა ქვემოთ და ცოკოლის ქვით მოპირკეთებულ კედელს შორის დარჩენილი არე შევსებულია განიერი მართკუთხა ელემენტებით, ხოლო მათ (სარკმელთა) ზემოთ ერთიანი მართკუთხა ფრიზი მიუყვება, სადაც წრეში ჩასმული ყვავილის რელიეფური დეტალებია მოცემული. სართულები ერთმანეთისგან პროფილირებული, ქვემოთ კბილანებიანი მოტივით გაფორმებული ფრიზი მიუყვება. რაც შეეხება მეორე სართულის გაფორმებას ის შედარებით სადაა და მოკლებული გეომეტრიული დეტალებით შემკობას. კედელს შესასვლელი ჭიშკრის ზემოთ მხოლოდ ორი, სადა პილასტრი აუყვება. სახლი შვერილი კარნიზითაა დასრულებული, რომელსაც ქვემოთ კბილანებიანი ფრიზი გასდევს. შესაძლოა მეორე სართული მოგვიანო ხანის დანამატი იყოს. სახლის ნაწილს რამდენიმე წლის წინ მანსარდა დააშენეს. სახლი ღირებულია როგორც ფონური ნაგებობა და პირველი სართულის საინტერესო საფასადო დეკორის გადაწყვეტით.