ქ.ბათუმი, ილია ჭავჭავაძის ქ.N68
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორი ქუჩის კვეთაში მდგარი ორსართულიანი შენობა XX საუკუნის დასაწყისშია აგებული და ერთი ფასადით ი.ჭავჭავაძის, ხოლო მეორეთი მეტაქსას ქუჩაზე გადის. ქუჩათა გადაკვეთის ადგილას კი, წიბოს ვიწრო ფასადია. შენობის პირველი სართული ი.ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს დიდი ზომის ვიტრინებით ნაწევრდება - ვიწრო ფასადის და ვიტრინების შუაკედლისებრი ჰორიზონტალური ხაზებითაა დასერილი. სიმეტრიის შუა ღერძზე კი, სადარბაზოში შესასვლელი კარია განთავსებული, რომელსაც ლითონის აჟურული, ორფერდა წინფრა ამშვენებს. იგივე სართული, მეტაქსას ქუჩის მხარეს ყრუა და სადა. მასში აქა-იქ პატარა, სწორკუთხა სარკმლებია გაჭრილი. სართული პროფილირებული სარტყელით სრულდება. პირველთან შედარებით, მეორე სართული უხვადაა მორთული. ორივე ჰორიზონტალური ხაზებით დასერილი ფასადი, დანაწევრებულია სწორკუთხა ღიობებით. ი.ჭავჭავაძის ქუჩის მხარეს, ორი - აჟურულმოაჯირიანი ლითონის შეკიდული აივანია. წიბოს ფასადის ნაწილში კი, გლუვი კედელია. მოსართავად გამოყენებულია ისეთი არქიტექტურული დეტალები, როგორიცაა: კორინთულ და იონურკაპიტელებიანი, კანელურებით დაღარული პილასტრები, მშვილდა ფრონტონები, პროფილირებული თაროები, საჭექი ქვები, ლომის სკულპტურული თავები. მთლიანად შენობა მცენარეული ორნამენტით დაფარული, ორ პროფილირებულ სარტყელს შორის მოქცეული ფრიზით და მისი დამაგვირგვინებელი შვერილი კარნიზით სრულდება – კარნიზი ქვევიდან პატარა კრონშტეინების მწკრივითაა შემაგრებული. შენობა ოთხქანობა სახურავითაა გადახურული, რომლის სხვენშიც მანსარდაა მოწყობილი. მანსარდის სწორკუთხა ფანჯრები ორქანობა გადახურვის ქვეშაა მოქცეული. იგი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით საყურადღებო ნაგებობაა. ასევე ყურადღებას იმსახურებს მორთულობის შესრულების მაღალი დონე და მოხატული სადარბაზოს დეკორი.