ქ. ბათუმი, გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა N47 / რევაზ კომახიძის ქუჩა N9
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
XX საუკუნის დასაწყისის შენობა ორი ქუჩის კვეთაზე დგას. შელესილი და ღია ვარდისფერად შეღებილი ფასადები რენესანსის არქიტექტურიდან აღებული ელემენტებით თავშეკავებულად არის გაფორმებული. ორივე სართულს სწორკუთხა ღიობები ანაწევრებს. პირველი სართულის როგორც ვიტრინები, ისე ფანჯრები მოურთავია, მხოლოდ შუაკედლისებს აუყვება რუსტიკის იმიტაციით შედგენილი პილასტრები. ზედა სართულის ღიობებს საჭექი ქვებით აღნიშნული პროფილირებული საპირეები შემოწერს. მათ ზემოთ მარტივი სანდრიკებია გამოყვანილი. შენობის მთელ პერიმეტრზე გაყოლებული აივნის ბადისებური ლითონის მოაჯირი ერთ მონაკვეთში რიკულებით არის შეცვლილი. სახლს საინტერესო სივრცობრივი გადაწყვეტა აქვს. რ. კომახიძის ქუჩიდან ჭიშკარი ვიწრო შიდა ეზოში გადის. აქ მოწყობილი კიბე ადის ტერასაზე, რომელიც მეორე ფასადის ფარგლებში განთავსებულ სადარბაზოს უკავშირდება. სადარბაზო უჯრედს ხის იატაკი და აივნის მსგავსი ლითონის მოაჯირით მოზღუდული წინკარი აქვს. განიერი კიბე პირდაპირ ქუჩაში გადის. მთლიანად, სახლი XX საუკუნის ბათუმური საცხოვრებელი სახლის არქიტექტურის სახასიათო ნიმუშია. ის კარგად ეწერება ორი ქუჩის ისტორიულ განაშენიანებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მათი არქიტექტურული სახის შექმნაში.