სააგარაკო საცხოვრებელი სახლი
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, დაბა ჩაქვი ე. ნინოშვილის ქ./24
ზღვის სანაპიროზე მდგარი, მსხვილმასშტაბიანი ორსართულიანი სახლი საკმაოდ მონუმენტურად და შთამბეჭდავად გამოიყურება და მაშინვე იქცევს გამვლელის ყურადღებას. შენობა ნაშენია ქვისა და აგურის თანმიმდევრული, თუმცა სხვადასხვა ზომის რიგების მონაცვლეობით. ზღვისკენ მიმართული ფასადი ასიმეტრიულია. მარჯვენა კიდეში ვიწრო, კოშკისებური რვაწახნაგა ფლიგელია წარმოდგენილი. მის პირველ სართულზე შენობაში შესასვლელი ერთ-ერთი კარია მოქცეული. მეორე სართულზე მცირე ზომის სარკმელია გაჭრილი, მესამე სართულზე კი სტანდარტული ფანჯარაა მოთავსებული. აღნიშნული ფასადის ცენტრალურ ნაწილს პირველ სართულზე, შუაღერძზე მოქცეული ვიწრო რიზალიტი და მასში დატანილი, ძალიან დაბალი თაღის მქონე კარი, მის თავზე მოქცეული თაღოვანი სარკმელი და მათ ორსავ მხარეს განლაგებული თითო სარკმელი განსაზღვრავს. კარი, ეზოს, რამდენიმესაფეხურიანი კიბით უკავშირდება. მარცხენა კიდე ყრუ კედელს, სარდაფში ჩასასვლელსა და აივნის გვერდითა წახნაგს წარმოადგენს. სახლის ერთ-ერთი ფასადი ძალზე შეცვლილია, აქ აღმართულია ძირითადი ნაგებობაზე მიბჯენილი ახალი შენობა, შელესილია კედლები და მიშენებულია აივანი. საპირისპირო მხარეს წარმოდგენილი საფასადე კომპოზიცია ასიმეტრიულია. შუა ღერძიდან მარცხნივ მკვეთრად წინ გამოწეული რიზალიტის მსგავსი ფლიგელია, რომელიც სამკუთხა ფრონტონით გვირგვინდება. პირველი სართული წყვილი სარკმლებით არის დანაწევრებული, მათ ქვეშ სარდაფის ღიობებია მოთავსებული. მეორე სართულზე თაღოვანი ფანჯარაა, მის ორსავ მხარეს კი ვიწრო სარკმლები, ისინი საერთო კომპოზიციაშია ჩართული. ფასადის მარჯვენა მხარეს ეზოსთან კიბით დაკავშრებული შესასვლელი და მეორე სართულზე მოწყობილი აივანია. აივანი რკინის აჟურული მოაჯირით არის შემოსაზღვრული, რომელიც აგურის მცირე ზომის ,,სვეტებს" შორის არის ჩართული. ის შუშაბანდად იყო გადაკეთებული. აივანზე თაღოვანი ღიობები გამოდის. პირველ სართულზე კარის მარჯვნივ დიდი ზომის მართკუთხა სარკმელია მოთავსებული. შენობის კიდევ ერთი ფასადი სიმეტრიულია, ორივე განაპირა მხარეს, მაღალი სამკუთხა ფრონტონით დაბოლოებული რიზალიტებია წარმოდგენილი, რომლებიც პილასტრებს მიმსგავსებული დეტალებით არის შემოსაზღვრული; ისინი ორივე სართულზე თითო დიდი ზომის ფანჯრით არის დანაწევრებული. რიზალიტებს შორის მოქცეული ნაწილი მეორე სართულზე სამი თაღოვანი ფანჯრითა და პირველ სართულზე ორი სარკმლით განისაზღვრება, მათ შორის კი მართკუთხა სიბრტყეა მოთავსებული. ფრონტონები რიზალიტის დანარჩენი ნაწილისაგან კბილანისებური კარნიზი მიუყვება. ფასადს რუსტებით დანაწევრებული ფრიზი ასრულებს.