ქ.ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N36
ძეგლის მოკლე დახასიათება
ერთსართულიანი სახლი XX საუკუნის დასაწყისშია აგებული. იგი საერთო განაშენიანებაშია ჩართული და მთავარი ფასადით მ. აბაშიძის ქუჩაზე გადის. მთავარი ფასადი შელესილია და შეღებილი. რამდენიმე წლის წინ მანსარდა დააშენეს. ფასადის შუა ნაწილი ორი რიზალიტითაა დანაწევრებული, რომლებიც მრუდხაზოვანი ფრონტონებით სრულდება. მარცხენა რიზალიტში ლითონის წინფრით დასრულებული სადარბაზოს კარია, მარჯვენაში კი, თაღოვანი ფანჯარაა მოთავსებული. ფასადის მარჯვენა ნაწილში ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია გაჭრილი. ფასადის დანარჩენი, ფანჯრის ღიობები სწორკუთხა მოხაზულობისაა. გვირაბის მარცხნივ არსებული სახლის ნაწილი, ორსართულიანია: პირველ სართულზე, ცენტრში ფანჯარაა, რომლის გვერდებშიც ორი კარია გაჭრილი. მეორე სართულზე ორი კარია, რომელთა წინ ლითონის მოაჯირიანი აივანია მიდგმული. მთლიანად ფასადი პროფილირებული კარნიზით სრულდება, რომელსაც ქვევიდან სწორკუთხა კბილანების მწკრივი ევლება. კარნიზს მოსდევს წყვეტილი პარაპეტი, რომლის კედლების განაპირა ნაწილებში ნაძერწი ლარნაკებია მოთავსებული. კედლებს შორის კი, ლითონის აჟურული მოაჯირებია მოთავსებული. თევზისქერცლისებური საფარით გადახურული მაღალი მანსარდა სწორკუთხა და თაღოვანი სარკმლებითაა დანაწევრებული. მთავარი ფასადის დეკორატიული მორთულობა: ღიობთა არშიები, ჩაღრმავებული ზედაპირის მქონე პილასტრები, სანდრიკები და მრუდხაზოვანი, ნაძერწობით შემკული ფრონტონები ბაროკული და კლასიცისტური რეპერტუარით არის შესრულებული. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.