ქ. ბათუმი, ბაქოს ქუჩა N32
ძეგლის მოკლე დახასიათება
XX საუკუნის დასაწყისში აგებული სამსართულიანი ქვით მოპირკეთებული სახლი, ფასადით ი. გოგებაშვილის ქუჩაზე გამოდის. იგი პირველ სართულზე სწორკუთხაა, მეორე და მესამე კი, მშვილდათაღოვანი ღიობებითაა დანაწევრებული. პირველი სართულის შუაკედლისებს, თითოს გამოტოვებით რუსტებისაგან შედგენილი პილასტრები აუყვება. აღნიშნულ სართულზე, ცენტრიდან ოდნავ მარცხნივ, ეზოში შესასვლელი თაღოვანი გვირაბია გაჭრილი, რომელსაც ლითონის აჟურული ჭიშკარი აქვს შებმული. ჭიშკრის ორივე მხარეს სადარბაზოს კარებია მოთავსებული. სამივე სართულზე არშიაშემოვლებული ღიობები ზედა ნაწილში საჭექი ქვებით არის აქცენტირებული. პირველი სართულის ხსენებული რუსტების მწკრივების გასწვრივ, სართულებს შორის გამყოფ და ფასადის დამასრულებელ სარტყლებს შორის, ასევე პილასტრებია მოთავსებული, ოღონდ მათი ზედაპირი გლუვია და ყოველი მათგანი იონიური კაპიტელებით არის დასრულებული. მეორე და მესამე სართულის შუა, ოთხ-ოთხი ღიობის წინ, ორი სართულის მომცველი ლითონის შეკიდული აივნებია მიდგმული. ფასადი ორდონიანი შვერილი კარნიზით სრულდება, რომელსაც პარაპეტის კედელი მოსდევს. შენობას, ეზოს მხარეს დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. მესამე სართული შენობას რამდენიმე წლის წინ დააშენეს, ასევე, განხორხიელდა მიშენება ეზოს მხრიდანაც. მიუხედავად ამისა, შენობის თავდაპირველი სახის წარმოდგენა შესაძლებელია. აღნიშნული ნაგებობა რენესანსულ-ბაროკული სტილის ნაზავს წარმოადგენს. მას კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვანი როლი აკისრია.