ქ. ბათუმი, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N12 - მემედ აბაშიძის ქუჩა N25
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
სამსართულიანი, კუთხის შენობის ქვედა, რუსტირებული ქვით მოპირკეთებული სართული ორივე ფასადზე პილასტრისებრ შვერილებს შორის განთავსებული დიდი და სწორკუთხა შემინული ღიობებითაა დანაწევრებული.
მ. აბაშიძის ქუჩისკენ, მთავარი ფასადის ცენტრალურ ნაწილში, ბრტყელთაღოვან ღიობში განთავსებული მთავარი შესასვლელია. მას მრუდხაზოვანი, რთულპროფილიანი ქვის ფრონტონი ასრულებს, რომელიც კუბებზე დამყარებულ მრგვალ და მასიურ სვეტებს ემყარება. ფრონტონის ცენტრში განთავსებულ მედალიონზე 1900 წელია გამოკვეთილი. მოდერნის სტილის ხის კარი ლითონის ბადისებრი აჟურული ცხაურითა და ჭედური დეკორით არის შემკული. ფასადი სამ ნაწილადაა დაყოფილი. შუა, ფართო და ოდნავ მაღალ რიზალიტს კიდეებში აყოლებული რუსტირებულზედაპირიანი "გიგანტური" პილასტრები საზღვრავს.
ფასადის შუა ნაწილში თაღოვანი ღიობებია განთავსებული, რომლებიც შედარებით უხვად არის დეკორირებული II სართულზე. აქ, სარკმლებს შორის არეებში წყვილი კორინთულკაპიტელიანი პილასტრია განაწილებული. დიდ, თაღოვან ღიობებს ნაოთხალ პილასტრებზე გადაყვანილი თაღოვანი საპირეები შემოსდევს, რომლის ცენტრში გირლანდებითა და ვოლუტებით გაფორმებული დეკორატიული კრონშტეინებია. ფასადის ეს ნაწილი სრულდება კბილანებიანი პროფილირებული კარნიზით და მის ზემოთ, თანაბარი ინტერვალით განლაგებულ კუბებს შორის ჩართული სწორხაზოვანი პარაპეტით, რომელსაც წრიული ღიობების მწკრივი მიუყვება.
ფასადის გვერდით ნაწილებში სადა თლილი ქვით მოპირკეთებულ კედლის სიბრტყეს მართკუთხა ღიობები ანაწევრებს. III სართულზე მთელ ფასადს შეწყვილებული ღიობები გასდევს.
კ. გამსახურდიას პროსპექტისკენ ფასადს ასრულებს ეზოში შესასვლელი დიდი მართკუთხა ღიობი მოდერნის სტილის აჟურულცხაურიანი ჭიშკრით. ფასადის შუა ნაწილში მასიურ ქვის კრონშტეინებზე მოწყობილი, ასევე "მოდერნული" ლითონის მოაჯირიანი დაკიდული აივანია. ამ მხარეს, II სართულის დიდი, სწორკუთხა სარკმლები ჰორიზონტალური სანდრიკებით სრულდება. შენობას (გარდა მ. აბაშიძის პრ.-სკენ ფასადის შუა ნაწილისა) ასრულებს წყვეტილი პარაპეტი, რომელსაც კუბებს შორის ჩართული ლითონის მარტივი მოაჯირები შეადგენს.
შენობა თავისი მასშტაბით, საკვანძო მდებარეობით, ხარისხიანი მასალით და შესრულების ოსტატობით ქალაქის ერთერთ მნიშვნელოვან ნაგებობას წარმოადგენს. ფასადების დამუშავებაში ზომიერად არის გამოყენებული ბაროკული და მოდერნის სტილის ელემენტები.