ქედის მუნიციპალიტეტი,
სოფ. დანდალო
ძეგლის მოკლე დახასიათება
დანდალოს ხიდი მდებარეობს ქედის რაიონში, სოფ. დანდალოს ტერიტორიაზე, მდ. აჭარისწყლის ხეობაში, ზემო და ქვემო აჭარის საზღვარზე; ბათუმი-ხულოს ცენტრალური ტრასიდან სოფ. დანდალოს მონაკვეთში, ცენტრალური გზიდან 40 მ მოშორებით, მდ. აჭარისწყლის ყველაზე ვიწრო ადგილას. დანდალოს ხიდი თხელი თაღით, დახვეწილი პროპორციებით გამოირჩევა. ფართო ხიდი ნაშენია ვულკანური წარმოშობის კლდის თლილი ქვით კირის დუღაბზე. ხიდის სავალი ნაწილი დაფარულია უსწორო ქვებით. მარცხენა ნაპირისაკენ ხიდი "უხვევს" მდინარის დინების საწინააღმდეგო მიმართულებით. ხიდის ბურჯები კლდეზეა აღმართული. მათზე შემორჩენილია ქარგილისა და ხარაჩოების ბუდეების ფოსოები; თითოეულ ბურჯზე ფოსოების ორი რიგია, თითო რიგში-სამი ბუდე. მარცხენა ბურჯზე ზედა სამი ფოსო ამოშენებულია. ფოსოების ორი რიგი ცხადყოფს, რომ ხარაჩოები ორ რიგად ყოფილა დალაგებული. ბურჯები ქვემოდან ზემოთკენ ფართოვდება. მარჯვენა ბურჯი კლდეზეა დაშენებული, ხოლო მარცხენა-მალის შემცირების მიზნით წყალშია შეჭრილი. ნაგებობისათვის გამოყენებულია ხიდის ორივე მხარის საპირე რკალის ფლეთილი ქვა, რომელთა შორის უსწორო ქვები და კირის ხსნარია. საპირე ქვები ერთ რიგად ერთმანეთზე ვერტიკალურადაა მიწყობილი და ხიდის ორივე ნაპირს მთელ სიგრძეზე გასდევს. საუკუნეების მანძილზე ხიდის გამაგრებისა, თუ შეკეთების მიზნით ხიდის ზედაპირზე დამატებულია ქვის წყობის ორი რიგი, რომელიც სრულიად განსხვავდება პირვანდელისაგან ზომით, ფორმითა, თუ წყობის ხასიათით. ამგვარი გადაკეთება-შეკეთება ერთგვარად უცვლის ხიდს პირვანდელ სახეს და ამძიმებს ხიდის კონსტრუქციებს. ხიდი მსუბუქი, ერთგვარად ატყორცნილი თაღით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. გეგმის თავისებურების გამო (ლათინური ასო შ-ის ფორმისა), ამგვარი ხიდების აშენება სამშენებლო ტექნიკის თვალსაზრისით, უფრო რთულია, რადგან დატვირთვები არათანაბრად ნაწილდება. ხიდის სავალი ნაწილის სიგრძე 35,9 მ, სიგანე ხიდის შუაწელზე-2,7 მ, ნაპირებზე ბურჯებთან-3,60 მ; ხიდის სიგრძე ჰორიზონტალურად ბურჯიდან ბურჯამდე-21, 7 მ; სიმაღლე წყლის დონიდან თაღის `კეხამდე~-8,5 მ სიმაღლე წყლის დონიდან თაღამდე-7,6 მ. ქარგილის ბუდეების ზომებია: 0,4X 0,36 მ და 0,34 X 0,3 მ.დანდალოს ქვის თაღოვანი ხიდი საქართველოს ქვის თაღოვან ხიდებს შორის, სანიმუშო ძეგლადაა მიჩნეული. 2008 წელს ხიდს სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა.