ქ. ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქუჩა N8
ძეგლის მოკლე დახასიათება
ხელოვნების მუზეუმის შენობა 1950-იან წლებშია აგებული, არქიტექტორ-კახა ჯავახიშვილის პროექტით. იგი ბათუმში სტალინური ამპირის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშადაა მიჩნეული. საბჭოთა ხანაში აქ რევოლუციის მუზეუმი იყო განთავსებული. ნაგებობის ფუნქციის შესაბამისად, ის ქართველი მოქანდაკის-თამარ აბაკელიას რევოლუციის თემაზე სექმნილი რელიეფური ფრიზებითაა შემკული. შენობაში განთავსებული ხელოვნების მუზეუმი 1998 წელსაა დაფუძნებული. მუზეუმის მასიური, კუბური შენობა დგას მრავალწლოვანი ხეებით დაბურულ სკვერში. ნაგებობის მთავარი ფასადი ერას ქუჩის მხარესაა. ზურგით -კ.მარჯანიშვილის ქუჩისკენაა მიმართული. შენობა მოპირკეთებულია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით. ქვედა ნაწილი მარამარილოთია შემოსილი. ფასადებს მთელ სიმაღლეზე აუყვება შეწყვილებული ნახევარკოლონები. მათ შორის, ნაგებობის ქვედა ნაწილში, სწორკუთხა მოხაზულობის ღიობებია ჩართული, რომლებიც ნახევარწრიული თავსართებითაა გაფორმებული. შესავლელი მოწყობილია გეგმის სწორკუთხედიდან შვერილ პორტიკში, რომელიც განსაკუთრებითაა მორთული. ცენტრში მოჩუქურთმებული პორტალია, ხოლო პორტიკის ზედა ნაწილში -სიუჟეტური რელიეფებით მორთული ფრიზი. ღიობების მორთულობაში გამოყენებულია შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის ორნამენტული მორთულობის რეპერტუარიდან აღებული მოტივები. ინტერიერი ერთიან დიდ სივრცეს წარმოადგენს. ცენტრში პარადული კიბეა, რომელსაც ოთხივე მხრიდან უვლის ორსართულიანი ღია გალერეები. ნაგებობა საბჭოთა არქიტექტურის საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ იგი აგებულია როგორც სამუზეუმო შენობა, სადაც გათვალისწინებულია ამ ტიპის ნაგებობისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.