ქედის მუნიციპალიტეტი, სოფ. ზენდიდი
ძეგლის მოკლე დახასიათება
ზენდიდის ბაჟანიძეთა საგვარეულო ციხე მდებარეობს ქედის რაიონის სოფ. ზენდიდში, აჭარისწყლის მარჯვენა ნაპირზე. ციხე ჩრდილოეთიდან თავზე დაჰყურებს ქედის რაიონულ ცენტრს. ადგილს, სადაც ციხეა აღმართული მოსახლეობა უწოდებს ,,კონახს", ციხე აგებულია ძნელად მისადგომ მთაზე, რომელსაც ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ქალასკურის ტყით შემოსული ქედი; აღმოსავლეთის მხრიდან ჩამოუდის პატარა უსახელო მდინარე. ციხე ამჟამად მოქცეული ბეჟანიძეების საცხოვრებელ ეზოს ტერიტორიაზე, რომელსაც მთლიანად უვლის გარს ძველი ციხის გალავანი. ციხე-გალავანი მოიცავს უზარმაზარ ტერიტორიას; მისი მთლიანი ფართობი 6000 მ2-ია. ციხე ნაგებია მაღალ კლდოვან მასივზე, გეგმა მისადაგებულია რელიეფს და რამდენადმე წაგრძელებულია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ზღუდის კედლები, კოშკები, კარიბჭეები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები. დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია ოთხკუთხა ნაგებობების ფრაგმენტები, ნაგები ფლეთილი ქვით, კირის დუღაბზე. აქ ასევე შეინიშნება ნაკოშკური, წყლის რეზერვუარი და მრავალი სხვა ციხე-სიმაგრის დანიშნულების ნაგებობანი.