ქ. ბათუმი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა N23
ძეგლის მოკლე დახასიათება
ბათუმის ცირკის ადგილას მდებარე XIX საუკუნის 80-იან წლებში აგებული, ბელგიელი მეპატრონის-მარშოს რკინის საწყობი იყო. შენობა ცნობილი გახდა იმით, რომ 1891 წლიდან მასში თეატრალური წარმოდგენები იმართებოდა. რის გამოც, შენობას ,,რკინის თეატრი“ უწოდეს. ის 900-მდე მაყურებელს იტევდა. ცნობილია ისიც, რომ 1923 წელს იქ მსოფლიო ვარსკვლავს-აისედონა დუნკანს უცეკვია. 1924 წლის შემდეგ ,,რკინის თეატრის“ ნანგრევებზე საბჭოთა ცირკი ააგეს, რომელიც 1959 წელს საფუძვლიანად განაახლეს.
შენობა რთული გეგმარებისაა, თუმცა ნაგებობის ძირითად ბირთვს აქვს ცირკისთვის დამახასიათებელი მომრგვალებული ფორმა. ნაგებობა ბარათაშვილის ქუჩაზე და ჩიხში ორსართულიანი ფლანგებით გამოდის, კუთხე რიზალიტურად არი წინწამოწეული და ფრონტონიანი მოცულობითაა აქცენტირებული, სადაც მთავარი შესასვლელია განთავსებული. ფლანგების უკან მაყურებლთა 1000 კაციანი წრიული დარბაზია. მასზე აღმართულია 22მ. დიამეტრის ნახევარსფერული გუმბათი, რომელიც სრულდება სარკმლებჩამწკრივებული, წრიულყელიანი მარყუჟით. თავდაპირველად გუმბათის თავზე შპილი იყო აღმართული.ქუჩისა და ჩიხისკენ გამომავალი ორსართულიანი ფლანგები საშუალო სიმაღლის ქვის ცოკოლზეა შემომდგარი. კედლების სიბრტყე რუსტირებულია. I სართულზე თარაზული, II სართულზე კი თაღოვანი, მოჩარჩოებული სარკმლების რიგები მიუყვება. თაღოვანი სარკმლები ერთმანეთთან დაკავშირებულია მოჩარჩოების მოყავისფრო ფერით აქცენტირებული თარაზული ზოლით. ასეთივე ფერის ლილვი გამოყოფს ცოკოლს კედლის სიბრტყისგან. ზევით კედლების სიბრტყე შეკრულია მძლავრი თარო-ლავგარდანით. მთავარი შესასვლელი მართკუთხაა, ხის ოთხფრთიანი კარით. თავდაპირველად შესასვლელზე ზემოდან წრიულ ორ სვეტზე დაფუძნებული ნახევარწრიული აივანი იყო გადმოფარებული. ამჟამად სვეტების ნაცვლად მართკუთხა პილონებია. აივნის ზემოთ კედლის სიბრტყე აქცენტირებულია თაღოვანი ვიტრაჟით და ფრონტონით. ფლანგებზე კიდევ სამი მცირე მართკუთხა შესასვლელია. ნ.ბარათაშვილის ქუჩის მხრიდან შენობის გვერდით წაგრძელებული ეზოა, რომელიც ქუჩიდან გამოყოფილია ლითონის მარტივი ჭიშკრით. შესასვლელის შემდეგ, ვრცელი ვესტიბიულია მოწყობილი. წრიული დარბაზი შემოფარგლულია ასევე წრიული დერეფნით.თითქმის მთელ კვარტალს მოიცავს
რთული კონფიგურაციის, მომრგვალებული ფორმისა და ორსართულიანი ფლანგებით შემოსაზღვრული შენობა თითქმის მთელ კვარტალს მოიცავს.