ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N46
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
აღნიშნულ მისამართზე განთავსებული ერთსართულიანი სახლი აგებულია XX საუკუნის დასაწყისში. იგი გეგმაში კვადრატული მოხაზულობისაა და მთავარი, შელესილი და შეღებილი, ცოკოლით ამაღლებული ფასადით, ვ.გორგასლის ქუჩაზე გადის. ფასადის მარჯვენა განაპირა ნაწილში სადარბაზოს კარია, რომელსაც ლითონისკონსოლებიანი წინფრა აქვს მიდგმული. ფასადის დანარჩენ ნაწილში სამი მშვილდათაღოვანი ფანჯარაა. სამივე მათგანი, სამი მხრიდან არშიაშემოვლებულია, ქვედა ჰორიზონტალები კი სამივესთვის საზიარო სარტყლით არის მოჩარჩოებული. აღნიშნულ ღიობთა გასწვრივ ცოკოლში, ასევე მშვილდათაღოვანი სარკმლებია გაჭრილი. სართულის შუაკედლისები რუსტებისაგან შედგენილი პილასტრებითაა დანაწევრებული. ცოკოლის და ფანჯარათა ქვედა მოჩარჩოებას შორის დარჩენილი გლუვი კედელი, ფანჯარათა ჩარჩოებშემოვლებული სწორკუთხა ნაშვერებითაა მონიშნული. ფასადის ვიწრო ფრიზი ორ პროფილირებულ სარტყელს შორისაა მოქცეული. ოთხივე მშვილდა თაღის თავზე გლუვი საჭექი ქვებია დასმული. ფასადი ძლიერ შვერილი კარნიზით სრულდება, რომელსაც წყვეტილი პარაპეტი მოსდევს. სადარბაზოს კარის თავზე კი, პარაპეტის კედლის წინ, სამკუთხა ფრონტონია მოთავსებული. ღიობთა დონემდე, ფასადის შუა ნაწილში ლითონის, ცალქანობა სახურავით გადახურული "გალიაა" მიდგმული, რომელიც სარდაფში ჩასასვლელი კიბის ზღუდეს წარმოადგენს. ფასადის მარცხენა მხარეს ლითონის აჟურული ჭიშკარია, რომლის მეშვეობითაც შიდა ეზოში ვხვდებით. ეზოს ნაწილში შენობა ძლიერ გადაკეთებულია და თითქმის მთლიანად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კლასიცისტური და მოდერნული ნიშნების მატარებელი კოხტა სახლი, შესანიშნავადაა ჩაწერილი ქუჩის "კამერულ" განაშენიანებაში და კარგად ეხმიანება უბნის მასშტაბს.