ქ. ბათუმი, ეგნატე ნინოშვილის ქუჩა N11 / ნოდარ დუმბაძის ქუჩა N1 / შოთა რუსთაველის ქუჩა N18
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ბათუმის სასტუმრო ,,ინტურისტი“(ამჟამად სასტუმრო ,,ინტურისტ პალასი“) აშენდა 1939 წელს არქიტექტორ ა. შჩუსევის პროექტით. პოსტკონსტრუქტივისტური სტილის ამ შენობამ XIX- XX საუკუნეების მიჯნაზე აგებული,ელეგანტური პროპორციებით გამორჩეული, დიდი და მცირე გუმბათებით დაგვირგვინებული ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია შეცვალა. სასტუმრო რთული კონფიგურაციის ვრცელი ნაგებობაა. რეკონსტრუირებულია 1979-1980 და 2005-2006 წლებში. მთავარი შესასვლელი მას ე.ნინოშვილის ქუჩის მხარეს აქვს და შევყავართ უხვად გამწვანებულ ეზოში, რომელსაც მარჯვენა მხრიდან ფარგლავს სასტუმროს გრძელი ხუთსართულიანი ფრთა. ეს ფრთა ე.ნინოშვილის ქუჩის მხარეს დასაფეხურებულია და II-IV სართულებზე ვრცელი, ღია ტერასებია მოწყობილი. ეზოს სიღრმეში გაშლილ მთავარ ფასადზე, შუაში გამოიყოფა დიდი ნახევარცილინდრული მოცულობა, რომელიც განსხვავებით შენობის დანარჩენი ნაწილისაგან, ოთხსართულიანია. ამ მოცულობის პირველი სართული, სასტუმროს ვესტიბულს უკავია. მეორე სართულს ერთიანი აივანი შემოუყვება, ხოლო, მესამე და მეოთხე სართულები გახსნილია ახლო-ახლო გაჭრილი დიდი, კვადრატული ფანჯრებით. შ.რუსთაველის პროსპექტის მხარეს შენობას აქვს დაახლოებით თანაბარი სიგრძე-სიგანის ორი მკლავი. მათ შორის მოქცეულია სასტუმროს უკანა ეზო. ნ.დუმბაძის ქუჩისკენ მიმართული ხუთსართულიანი ფასადი შუა ნაწილში მკვეთრად ტეხილია. ეს ფასადი სადაა, II-IV სართულებზე მას აივნების უწყვეტი რიგი გაუყვება. ბათუმის ,,ინტურისტი“ საქართველოში კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშად ითვლება. შენობას არსებითი როლი ენიჭება სანაპირო ბულვარის მიმდებარე განაშენიანების სახის შექმნაში.