ქ. ბათუმი, მემედ აბაშიძის ქუჩა N8
ძეგლის მოკლე დახასიათება
ორსართულიანი აგურით ნაგები შენობა 1892 წელს აიგო ძმები ჩილინგარიანების მიერ. სხვადსხვა სტილისთვის დამახასიათებელი ელემენტების გამოყენებით სახლი თავისი დეკორატიული შემკულობით ეკლექტურ ხასიათს ატარებს. ძირითადად ესაა კლასიცისტური სტილი, რომელშიც ბაროკული და მოდერნის სტილის დამახასიათებელი ელემენტებია გამოყენებული. შენობის კიდეები მცირედ შვერილი რიზალიტებითაა გამოყოფილი, რომლებშიც შესასვლელებია გაჭრილი _ მარცხნივ სადარბაზოში შესასვლელი, ხოლო მარჯვენაში ჭიშკარი. ამ უკანასკნელში რიზალიტი მეორე სართულის დონეზე მკვეთრადაა შვერილი, მას ერკერის სახე აქვს მიცემული და დეკორატიულ კრონშტეინებს ეყრდნობა. სართულები ერთმანეთისგან კბილანებიანი ფრიზითაა გამიჯნული. პირველი სართულის კუთხეები და სარკმლის თაღოვანი მოჩარჩოება რუსტირებულია, ხოლო დანარჩენილი ადგილები აგურითაა ამოყვანილი. რაც შეეხება მეორე სართულს აქ რუსტირება არაა გამოყენებული. სარკმლების თაღოვანი მოჩარჩოებების შუაში მაღალი ნახევარსვეტებია ანტაბლემენტით, რომელიც კუთხის რიზალიტების ზემოთ ფრონტონით სრულდება. შენობას წყვეტილი პარაპეტი აქვს, რომლის ქვით ნაგები ნაწილებიც ერთმანეთს ლითონის აჟურული მოაჯირით უკავშირდება. მაღალი ოსტატობით ნაგები სახლი მჭიდროდ ზის ქუჩის განაშენიანებაში. მისთვის ნიშნეულია სხვადასხვა სტილისთვის დამახასიათებელი ელემეტების გემოვნებიანი შეზავება. აქ ვხვდებით როგორც კლასიცისტურ, ასევე ბაროკულ და მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელ მხატვრულ ელემენტებს. სახლის მხატვრული სახის აღქმაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ასევე განსხვავებული ფაქტურის, ფერისა და სხვადასხვა ტიპის მასალის გამოყენება.