ქ. ბათუმი, ვახტანგ გორგასალის ქუჩა N4
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
საცხოვრებელი სახლი 1884 წელსაა აგებული, თავდაპირველად ის ერთსართულიან ნაგებობას წარმოადგენდა, რომელსაც 1903 წელს მეორე სართული დააშენეს. შენობის მეპატრონე იყო ბერძენი მ. კონგალიდი. შენობის პირველ სართულზე საყავე და სავაჭრო დახლები იყო მოწყობილი. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული შენობამ რამდენჯერმე იცვალა ფუნქცია, აქ იყო #2 სამუსიკო სკოლა, ასევე სამხედრო კომისარიატი. ამჟამად შენობაში რ. ლაღიძის სახ. სამუსიკო სკოლაა. შენობის ფასადები კარ-ფანჯრების მართკუთხა ღიობებითაა დანაწევრებული, მხოლოდ მეორე სართულის ცენტრალური ფანჯარაა თაღოვანი, რაც ცენტრალური ღერძის აქცენტირებას უწყობს ხელს. შენობის პირველ სართულზე კედლის პილასტრები რუსტირებულია. ფასადის ცენტრში გაჭრილ კარს ლითონის აჟურული წინფრა აქვს. მეორე სართულზე ღიობები სადა ზედაპირიანი პილასტრებითაა ფლანკირებულია. ამ ფასადზე ორი აჟურულმოაჯირიანი აივანია გადმოკიდული. შენობა პარაპეტით სრულდება, რომელსაც ცენტრალური ღერძის ორივე მხარეს რკალური მოხაზულობა გააჩნია.შენობა საინტერესოა როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე როგორც კლასიცისტურ-ბაროკულ სტილში გადაწყვეტილი ნაგებობა. ის კარგადაა ჩაწერილი ქუჩის მჭიდრო განაშენიანებაში და თავისი მასშტაბითა და გაბარიტებით სრულ ჰარმონიაშია ქუჩის სხვა სახლებთან.