ქ. ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N12 / მერაბ კოსტავას ქუჩა N14
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ქუჩათა გადაკვეთაზე მდგომი, XIX საუკუნის დასაწყისში აგებული, ,,გაერთიანებული რუსული ბანკის“ მასშტაბური, სამსართულიანი შენობა, მოდერნის სტილის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია. აქვე განთავსებული იყო თავადი ნაკაშიძის მფლობელობაში არსებული სასტუმრო ,, ვერსალი“-ც.
შენობა გეგმაში ლათინური L- ის მოხაზულობისაა, წიბოს ნაწილში წახნაგი უკეთდება და გრძივი ფასადით ზ. გამსახურდიას ქუჩის გასწვრივ ვითარდება. მერაბ კოსტავას ქუჩის მხარეს, მოკლე ფასადის კიდეში ეზოში შესასვლელი გვირაბია გაჭრილი. ორივე ფასადს რიზალიტები ანაწევრებს, რომლებიც მრუდხაზოვანი პარაპეტით სრულდება. შენობაში შესასვლელები რიზალიტებშია განთავსებული. სამივე ფასადის კედლები ჰორიზონტალური ზოლებითაა დასერილი. ყოველ სართულზე ღიობების მოხაზულობა განსხვავებულია. ფასადები უხვადაა შემკული პლასტიკური დეკორით, აივნის აჟურული მოაჯირებით, დეკორატიული კრონშტეინებით, მსხვილნახატიანი მცენარეული ფრიზით და ქალის თავის ნაძერწი გამოსახულებებით. გრძივი ფასადის შუა რიზალიტის კარნიზის ქვეშ კი, ფერადი მოზაიკაა გამოყენებული. მოდერნის სტილის შენობის დეკორი მაღალი ოსტატობით გამოირჩევა. მკაფიოდ ინდივიდუალური გეგმარებითი და მხატვრული კომპოზიცია შესანიშნავად არის შეთანხმებული მის საკვანძო ადგილმდებარეობასთან. ნაგებობა ბათუმური მოდერნის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.