ქ. ბათუმი, 26 მაისის ქუჩა N19
ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლი, სადაც 1919-1920 წლებში ბათუმის პროფესიული საბჭო იყო განთავსებული, გვიანი საბჭოთა პერიოდის მაღალსართულიან განაშენიანებაში დგას. შენობის ეკლექტურად გადაწყვეტილი მთავარი ფასადის ძირითადი სიბრტყე ყვითლად, ხოლო მამკობი არქიტექტურული ელემენტები თეთრ ფერზეა შეღებილი. რუსტიკის იმიტაციით დაფარული დაბალი ცოკოლი შენობის ძირითადი ნაწილისაგან ჰორიზონტალური სარტყლით არის გამოყოფილი. ფასადის მარჯვენა კიდეში მოწყობილ სადარბაზოს ხის დეკორატიული კარი აქვს. სწორკუთხა ფანჯრებს პროფილირებული საპირეები შემოწერს. საპირეების ქვედა კიდეები ვოლუტებით, ზედა კი საჭექი ქვებით არის აღნიშნული. შუაკედლისებს აუყვება მეანდრიანი ჩანართით ორად გაყოფილი პილასტრები. მათი ქვედა მონაკვეთი კანელურებით არის დაღარული, ხოლო ზედა _ გულამოჭრილია. ფასადის დამასრულებელი პარაპეტი კუბურ მოცულობებზე დადგმული დეკორატიული ლარნაკებითა და კუბებს შორის განთავსებული ლითონის აჟურული მოაჯირებისგან არის შედგენილი.შენობა ბათუმის საცხოვრებელი სახლის კარგ ნიმუშს წარმოადგენს. ასეთი ნაგებობები ძალზე სახასიათოა ამ ქალაქისათვის. ის გამოირჩევა ფასადების თავისებური გადაწყვეტით და მაღალი სამშენებლო ოსტატობით.