ქ. ბათუმი, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N35
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
ხე-ტყის მასალით მოვაჭრე -ჯინგოზიანის სახლი, აგებულია XIX საუკუნის ბოლოს. შენობის გასაწყობად საუკეთესო ხარისხის, კაკლისა და წაბლის მასალაა გამოყენებული. ჯინგოზიანის ოჯახი პირველ სართულზე ცხოვრობდა, მეორეზე კი, ოფისი ჰქონდა გახსნილი. ცნობილია, რომ 1921 წელს სახლის მეპატრონე, დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრებთან ერთად, საფრანგეთში გაემგზავრა, ხოლო შენობაში მოქალაქეები შეასახლეს.ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, კლასიცისტურ-ბაროკული სტილიზაციით ფასადზე, მჭიდრო განაშენიანებაშია მოქცეული. შენობის განაპირა ნაწილებში არსებული რიზალიტები მრუდხაზოვანი ფრონტონებითაა დასრულებული. მარჯვნივ სადარბაზოა, ხოლო მარცხნივ – ეზოში შესასვლელი გვირაბი. შენობის ფასადის სწორკუთხა და თაღოვანი სარკმლების დეკორი, კედლის სვეტები, ერთ დროს არსებული ნაძერწი გირლანდები, დეკორატიული კრონსტეინები, ხაზს უსვამს სენობის პარადულობას. ნაგებობა, ურბანული მემკვიდრეობის საინტერესო ნიმუშია.