ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N51
ძეგლის მოკლე დახასიათება
საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო XIXს-ის დასასრულს, 1897 წელს და დასრულდა XXს-ის I მეოთხედში. საბოლოოდ ჩამოყალიბდა კლასიცისტურ-ბაროკოული სტილის, რთული გეგმარების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი. წახნაგებიანი რიზალიტით და კოშკურა მანსარდით. შენობის დამკვეთის-ეკატერინე ევლასევას ჩანაფიქრი მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. შენობის გასხვისების შემდეგ, გასული საუკუნის დასაწყისში, ამ სახლში ექიმი მენაღარიშვილი და მისი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, რომელთაც სტომატოლოგიური კლინიკა ჰქონდათ გახსნილი. ინდივიდუალური გეგმისა და მხატვრული სახის მქონე ნაგებობა ქუჩის სიღრმეში მდებარე საცხოვრებელი ნაწილისა და შვერილი რიზალიტისაგან შედგება. ქუჩის მხარეს, ბოძკინტებიანი ჭვირულცხაურიანი ღობე შემოზღუდავს მცირე ბაღს. მარჯვნივ ქუჩისკენ ნაშვერ ფლანგში მართკუთხა მოჩარჩოებული სადარბაზო შესასვლელია მოწყობილი ხის ორფრთიანი, მოხარატებული კარით. მის ზემოთ ბრტყელი პილასტრებით ფლანკირებული ღიობია ლითონის, ჭვირულცხაურიანი კიდული აივნით. იგივე სტილისაა უკან დაწეული საფასადო სიბრტყე. შუაში მართკუთხა სარკმლებიანი ხუთწახნაგა რიზალიტია. გვერდებზე - მარცხნივ I სართულზე ეზოში შესასვლელი მართკუთხა ღიობი და მარჯვნივ, თაღოვანი სარკმელია. II სართულზე თითო მართკუთხა სარკმელი. სარკმლები მოჩარჩოებულია და II სართულზე დასრულებულია მცირე ფრონტონებით. სართულები ერთმანეთისგან გამიჯნულია პროფილირებული ლავგარდანით. ზევით, ასეთივე სტრუქტურის ორმაგი ლავგარდანია, კრონშტეინებზე შესმული საფეხურებით. მანსარდის კოშკურა წანაზარდი საფასადო სიბრტყეა, შედგენილი შეწყვილებულ პილასტრებით ფლანკირებული, მართკუთხა სარკმლისგან, რომლის ზემოთ საფეხუროვანი ლავგარდანებია დასრულებული- ბაროკოული ტიპის ჩახსნილი ფრონტონით. კოშკურას ასრულებს მოკლე შპილი. ფასადი დაფერილია კონტრასტულად, ყვითელი ფერით კედლების სიბრტყე და თეთრად არქიტექტურული დეტალები. სადარბაზოს ჭერი შემკულია საალფრეო მხატვრობით, იატაკი კი, გეომეტრიული ფერადი ფილებით. შენარჩუნებულია ლითონის საფეხურებიანი კიბე- ჭვირული ცხაურით. ეზოს ფასადები ნაწილობრივ შეცვლილია. ამოშენებულია შემინული გალერეა-აივნები და შეცვლილია თავდაპირველი ალათები.