ქ.ბათუმი, იაკობ გოგებაშვილის ქუჩა N3
ძეგლის მოკლე დახასიათება
სადა შენობა, საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშია და 1962 წელსაა აგებული არქიტექტორების: კრემლიაკოვის, გოლოვინის და ნოვიკოვის პროექტით. დგას ზღვისპირას და წარმოადგენს ორსართულიან შელესილ, ცისფრად და თეთრად შეღებილ რკინაბეტონის შენობას, რომელსაც წაგრძელებული სწორკუთხედის მოხაზულობის გეგმა აქვს. ფასადები მიქცეულია ზღვისკენ და ქუჩისკენ. შენობის ცენტრალურ კუბურ მოცულობას დამატებული აქვს სართული, რომელიც სრულდება შპილიანი შუქურით. შენობის განივი ფასადების ცენტრალურ ნაწილებში თაღოვანი შესასვლელებია გაკეთებული. ზღვის მხარეს, ფასადის კიდურ ნაწილებს გეგმაში ხუთწახნაგა შვერილები აქვს. ნაგებობის ამავე მხარეს არსებული გვერდითი ფრთები გახსნილია ორი სართულის სიმაღლის თაღოვანი ღიობებით. ქუჩის მხარეს კი, სათავსო ორ ნაწილადაა გაყოფილი. შენობა ბათუმის ზღვისპირა უბნის ერთ-ერთ არქიტექტურულ დომინანტს წარმოადგენს. იგი საბჭოთა არქიტექტურის საყურადღებო ძეგლია.