მონიტორინგის და პროგნოზირების ცენტრის შავიზღვის ფილიალის ადმინისტრაცია
ქ.ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N51
ძეგლის მოკლე დახასიათება
ნაგებობა წარმოადგენს მსხვილმასშტაბიან, ორსართულიან, შენობას. მისი ძირითადი კორპუსი XX საუკუნის შუა ხანებშია აგებული. 1966 წლიდან აქ ბათუმის ,,აკვარიუმია“ განთავსებული, შავი ზღისა და დეკორატიული თევზების 100-მდე სახეობის ნახვა შეიძლება. დელფიარიუმის მხარეს მიმართულ ფასადს ვიწრო, კოშკისებური, თაღოვანი ღიობით გახსნილი რიზალიტი გააჩნია. მას კოშკისებული ფორმა აქვს და სიმაღლეში სცილდება ნაგებობის კონტურს. რიზალიტის შუაში, პირველ სართულზე მხოლოდ ერთი კარი გამოდის, მის ზემოთ კი, მთელს სიმაღლეზე, მაღალი და გრძელი თაღოვანი ღიობია. ღიობი ორივე მხარეს ფლანკირებულია კანელურებიანი, მაღალი პილასტრით, რომელიც იონიური კაპიტელით სრულდება. ამგვარ პილასტრს შევხვდებით, ნაგებობის თითქმის ყველა კუთხეში. შენობის ფასადები სადაა, შელესილი და დაფერილი ცისფრად. ხუროთმოძღვრული ელემენტები კი თეთრად. მორთულობა გადაწყვეტილია რენესანსულ სტილში. ორივე სართული დანაწევრებულია კარ-ფანჯრების სწორკუთხა მოყვანილობის ღიობებით, რომლებიც რიტმულად არის გადანაწილებული ფასადებზე. ორივე სართულის ღიობები იდენტურად არის გაფორმებული _ ღიობს სადა მოჩარჩოება აქვს, რომელსაც ზემოთ ერთვის არქიტრავისებური თავსართი. მეორე სართულის ყველა ღიობის მოჩარჩოებას ემატება არქიტრავის ზემოთ მცენარეული, გრეხილი ორნამენტი, რომელიც ფრონტონის მსგავს არეს ქმნის. მეორე სართულზე ყველა ფასადზე გამოდის რამდენიმე აივანი, რომლებსაც ქვის სქელი რიკულებიანი მოაჯირი აქვს. ნაგებობას ასრულებს პროფილირებული კარნიზი და მის ზემოთ ყრუ პარაპეტი. ნაგებობას გააჩნია ეზო, რომელიც სხვადასხვა მცენარეებით არის გაფორმებული, რომლის ცენტრში მცირე ღია აკვარიუმია მოწყობილი.