ქ. ბათუმი, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N9
ნაგებობის მოკლე დახასიათება:
1891 წელს აგებული საცხოვრებული სახლი ტერ-ბაღდასაროვის საკუთრებას წარმოადგენდა. ორსართულიანი ბლოკის ქვით მოპირკეთებული შენობა საერთო განაშენიანებაშია ჩართული და ერთადერთი ფასადით ფრონტალურად იშლება ქუჩის მიმართულებით. გეგმით წარმოადგენს ლათინური U–ს მოყვანილობის კომპოზიციას: მთავარ კორპუსს ეზოს მხრიდან კიდეებში თითო ფრთა ემატება. ეზოს მხრიდან შენობის ძირითად კორპუსს შემინული შუშაბანდები აქვს, რომლის კედლებზე წვიმისაგან დასაცავად თუნუქის ფირფიტები აქვს მიმაგრებული. ქუჩის მხარეს შენობის სხეულში გაჭრილია ეზოში შესასვლელი სწორკუთხა გვირაბი, მის მარჯვნივ კი, სადარბაზოა მოწყობილი. პირველი სართულის დანარჩენი ნაწილი დანაწევრებულია დიდი ზომის სწორკუთხა ვიტრინებით, რომელიც კომერციულადაა ათვისებული. უკეთაა შემორჩენილი შენობის მეორე სართული, რომლებიც სწორკუთხა კარ-სარკმელთა ღიობებითაა დანაწევრებული. შუაკედლისები კი დასერილია ჰორიზონტალური ღარებით. ფანჯრის ღიობები სამკუთხა ფრონტონიანი სანდრიკებითაა დასრულებული. მათ ჩამოსწვრივ კი, მათივე სიგანის სწორკუთხა შვერილებია - შუაში წრეებით. კარის ღიობები ფლანკირებულია ნახევარწრიული პილასტრებით, რომელთა ტოსკანურ კაპიტელებსაც მოსდევს წყვილ-წყვილი შვერილი პროფილირებული კარნიზის დამჭერი კრონშტეინები. კარის ღიობთა გასწვრივ, კრონშტეინებს შორის უწყვეტი დინებით მოთავსებულია ტალღისებრი ორნამენტები, რომელთა თავზეც მშვილდთაღოვანი ფრონტონებია. მათი ტიმპანები შევსებულია მცენარეული ორნამენტით. ფრონტონთა ზედა ნაწილებში კი, მარაოსებრი კომპოზიციებია განთავსებული. მთლიანად შენობა დაგვირგვინებულია წყვეტილი პარაპეტით, რომელიც ერთმანეთთან ლითონის ჭვირული მოაჯირითაა დაკავშირებული. ლითონის აჟურულ ჭიშკარზე გამოყვანილია აგების თარიღი და დამკვეთის, ან მშენებელთა ინიციალები-,,JVN”. შენობის ბაროკულ-კლასიცისტური იერი, შესრულების მაღალი დონე და ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთში მისი გამორჩეულობა, დიდი მნიშვნელობას ანიჭებს უკანასკნელს.