ქ.ბათუმი, რუსთაველის ქუჩა N14
ძეგლის მოკლე დახასიათება
საცხოვრებელი ორსართულიანი სახლი აგებულია, XX საუკუნის დასაწყისში. 2009 წელს მისი სახურავი გადააკეთეს და მანსარდა მოაწყვეს. მთავარი ფასადი გამოდის რუსთაველის გამზირზე. პირველ სართულს მართკუთხა ფანჯრების რიგი გაუყვება. მარცხენა მხარეს, სადაც ახლა ვალუტის გადაცვლის პუნქტია, ფანჯრები გაერთიანებულია და ერთ დიდ ვიტრინად არის ქცეული. უფრო მარცხნივ, ფასადის კიდეში არის სადარბაზოს შესასვლელი. მეორე სართულზე, ფასადის შუაში, გაჭრილია სამი დიდი ნახევარწრიულთაღოვანი ფანჯარა. ეს არე პილასტრებით არის გამოყოფილი და ზემოდან მრუდხაზოვანი პარაპეტი ადგას. თაღოვანი ფანჯრების ორ მხარეს ორ-ორი მართკუთხა ფანჯარაა, მარცხენა კიდეში, სახლის შესასვლელის თავზე - ლითონის აივანი, რომლის კარსაც აჟურულელემენტებიანი ლითონისავე წინფრა აქვს. ფასადის გვერდითა ნაწილებს აბოლოებს უფრო დაბალი პარაპეტი, რომელზეც გრძელი კბილანების მოტივია დატანილი. ბოლოდროს მოწყობილი მანსარდა, ფასადზე ორი მშვილდათაღიანი ფართო ღიობით გამოდის. ისინი შუა პარაპეტის აქეთ-იქით არის განლაგებული. სახლის მარჯვენა მხარეს არის ეზოს თაღოვანი შესასვლელი. შენობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძველია რუსთაველის გამზირზე, XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლის კარგი ნიმუშია.