კვირიკეს ჯამე
ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. კვირიკე
ძეგლის მოკლე დახასიათება
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს ცენტრში აჭარული მეჩეთების ერთ-ერთი საგულისხმო ნიმუში დგას. ჯამე აგებულია 1865–1866 (სხვა ინფრომაციით - 1860–1862) წლებში არჰაველი ლაზი ოსტატის მიერ. ქვის საფუძველზე აღმართული ხის ორსინათლიანი ჯამე რეგიონისთვის ტრადიციულ გეგმარებას (კვადრატს მიახლოებულს), სამშენებლო მასალებს (მეტწილად ხე, ნაკლებად ქვა) და ოსტატურად შესრულებულ ხეზე კვეთის დეკორატიულ ნიმუშებს წარმოგვიდგენს, რაც ხითხუროობის მაღალ პროფესიონალიზმთან ერთად, კვირიკეს ჯამეს მეტად საყურადღებო ნიმუშად აქცევს. ჯამეს ქვის საძირკველზე დაფუძნებული ხის ორსართულიანი შენობა ძლიერად შვერილი კრამიტის სახურავით სრულდება. მდიდრულად მოჩუქურთმებული ბოძებითა და რიკულებით შემოჯარული შენობის პირველი სართული ღია აივნით ეხსნება გარემოს. ნაგებობა შიდა სივრცის გეგმარებით და რაც მთავარია ინტერიერის ფერადოვანი მოხატულობით გამოირჩევა. ნაგებობის ზომებია 11,7 მეტრი, სიგანე 9,7 მეტრი, სიმაღლე 4,3 მეტრი. კვირიკეს მეჩეთი კრამიტის საბურველითაა გადახურული, რომელიც დაზიანებული იყო, შენობაში ჩადიოდა წყალი და ის საჭიროებდა გადაუდებელ მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. 2015 წელს კვირიკეს ჯამეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ კვირიკეს დაზიანებულ სახურავს რეაბილიტაცია ჩაუტარა. ჯამე საბჭოთა პერიოდში, დანარჩენი აჭარული მეჩეთების მსგავსად, დაიკეტა; ის გარკვეული პერიოდი მარცვლელულის საწყობად გამოიყენებოდა. ჯამეში ღვთისმმსახურება 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღდგა.