აჭარის სახელმწიფო მუზეუმი
ქ.ბათუმი, ხარიტონ ახვლედიანის ქუჩა 4
ძეგლის მოკლე დახასიათება
აღნიშნულ მისამართზე განთავსებულია, გეგმაში ლათინური U-ის მსგავსი ორსართულიანი მსშტაბური შენობა, რომელიც ვაჭარ მდოიანცის საკუთრებაში იყო. თავდაპირველად სახლი ერთსართულიანი იყო, რომელსაც 1957 წელს მეორე სართული დააშენეს. ნაციონალიზაციის შემდეგ, 1922 წლიდან შენობაში სახელმწიფო ხაზინა იყო, ხოლო 1930 წლიდან იქ აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი განთავსდა. იგი ბათუმში 1908 წელს დაარსებული პირველი მუზეუმის მემკვიდრეა. მუზეუმში ჭარის ბუნების იშვიათი ძეგლები, ეთნოგრაფიული და ისტორიული ხასიათის დიდი მასალაა წარმოდგენილი. შენობა მთავარი შელესილი და შეღებილი ფასადით ი.ჯინჭარაძის ქუჩისკენაა მიმართული. ფასადი ოდნავ შვერილი, რუსტირებული ცოკოლითაა ამაღლებული. მის კიდურა ნაწილებში რიზალიტები გამოიყოფა. პირველი სართულის სწორკუთხა ღიობებით დანაწევრებული კედლის სიბრტყე ჰორიზონტალური და ვერტიკალური ხაზებითაა დასერილი, არათანაბარ სწორკუთხედებად, რაც წყობის იმიტაციას ქმნის. მარჯვენა რიზალიტში მოთავსებულია მთავარი, სადარბაზოში შესასვლელი კარი, რომლის თავზეც სამნაწილიანი ფანჯარაა მოთავსებული, უკანასკნელის განაპირა ფანჯრების ჩამოსწვრივ ასევე პატარა ფანჯრებია. პირველი სართულის ფანჯრები სამკუთხა ფრონტონის მქონე, გლუვი ნაშვერებით, სრულდება. სართულებსშორის გავლებული, ძლიერ შვერილ თარო-სარტყელსა და ხსენებულ ღიობთა ზედა ჰორიზონტალურ მოჩარჩოებას შორის, ხაოიანი ზედაპირის მქონე განიერი სარტყელია გავლებული. თარო-სარტყელი ნაძერწ კრონშტეინებს ეყრდნობა. ქვედა ნაწილში კი, იონიკების რიგი აქვს გავლებული. მეორე სართულზე, რიზალიტების ფარგლებში დიდი ზომის ღიობებია- შუაში მრგვალ ნახევარსვეტებს შორის ჩასმული კარით და გვერდითი ვიწრო სარკმლებით. უკანასკნელთა წინ ლითონის აჟურულმოაჯირიანი შეკიდული აივნებია. რიზალიტებსშორისი კედელი მაღალი, თაღოვანი ფანჯრებითაა დანაწევრებული, რომელთა სადა საპირე სართულებსშორის გავლებულ სარტყელამდე ჩამოდის. სარკმელთა ჩამოსწვრივ, მათივე სიგანის, ხორკლიანი ზედაპირის მქონე ნაშვერებია მოთავსებული. შენობა სრულდება პროფილირებული კარნიზით, რომელიც ქვევიდან შემაგრებულია კრონშტეინების მწკრივით. ფასადის გაფორმებაში შეინიშნება მოდერნისა და კლასიციზმის სტილთა ნიშნები. აღნიშნული ნაგებობა არ გამოირჩევა მაღალი მხატვრული ღირსებით, მაგრამ კონკრეტული ქუჩისა და უბნის განაშენიანებაში საყურადღებო და მნიშვნელოვან როლს თამაშობს.