ქ.ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქუჩა N48
ძეგლის მოკლე დახასიათება
თავდაპირველი L-ის გეგმარების ორსართულიანი საშუალო ზომის საცხოვრებელი სახლი ადაპტირებულია. მარცხნიდან მიშენდა ახალი სამსართულიანი სახლი მის ფასადს მიმსგავსებული არქიტექტურული ესთეტიკით; ამ ორთავე მოცულობაზე დაშენდა მანსარდა და ამ ცვლილებებით შეიქმნა ერთიანი მოზრდილი ნაგებობა, სადაც ახლა სასტუმროა განთავსებული. თუმცა სახლის თავდაპირველი ფასადი თავისი არქიტექტურით დღესაც გაირჩევა. ეს არის ფსევდორენესანსული ტიპის საფასადო სტრუქტურა.სიმეტრიული ფასადი შემომდგარია საშუალო სიმაღლის რუსტირებულ ცოკოლზე. ფლანგები აქცენტირებულია რიზალიტებით, გლუვი პილასტრებით I სართულზე და კანელურებიანი ნახევარწრიული სვეტებით მეორეზე. I სართულის მარჯვენა ფლანგზე ეზოში შესასვლელი გვირაბია ლომის თავის საჭექქვიანი, მართკუთხა მოჩარჩოებული ღიობით. მარცხენა ფლანგზე გირლიანდით მორთული სარკმელია. შუა მონაკვეთზე ოთხი მართკუთხა სარკმელია ნალესი თარაზული სანდრიკებით. II სართულის ფლანგებზე ფრონტონებით აქცენტირებული სარკმლებია. მარჯვნივ შეწყვილებული თაღოვანი, მარცხნივ ერთი თაღოვანი სარკმელი. შუაში სამი თაღოვანი სარკმელი და ერთი კარია, კიდულ აივანზე გამოსასვლელი. ღიობების საჭექ ქვებად ქალის თავის მასკარონებია გამოყენებული. ამჟამად, კვეთილ შემკულობებიან კრონშტეინებზე შესმული, ქვის რიკულებიანი აივანი, თავდაპირველად ლითონის ცხაურიანი იყო. სართულები გამიჯნულია პროფილირებული ლავგარდანით, II სართულის ზემოთ მაღალი პარაპეტია. არე ფრონტონებს შორის მორთულია კვეთილი გირლიანდით. ზევით სამანსარდო სართულია დამატებული ცენტრში ფრონტონით.ეზოს ფასადები ღია გალერეა-აივნებით იყო მოცული. ამჟამად, აივნები ამოშენებულია და კედლის სიბრტყეები დასახსრულია ერთი ზომის მართკუთხა სარკმლებით.